სიახლეები, სტატიები

„დეპრესია“ – ნათია ფანჯიკიძე

დეპრესია - ნათია ფანჯიკიძე

დეპრესია ნორმალური ადამიანური განცდაა და არა მაინცდამაინც დაავადება, რომელიც ერთხელ მაინც რაღაც დოზითა და ხანგრძლივობით ყველას უგრძნია. შესაძლოა, ეს გამოწვეული ყოფილიყო სიყვარულის მიზეზით, გლოვის მდგომარეობითა ან სხვა ადამიანური დანაკარგით.

რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ წიგნები დეპრესიის შესახებ  და ვეცადოთ შევიგრძნოთ ის, თუ რას განიცდის ამ დროს ადამიანი, სჯობს, რომ თავად გავუსინჯოთ გემო. ეს გემოს გასინჯვა ყოველთვის თავს იჩენს ირაციონალურ, ემოციურ დონეზე და ეს ემოცია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რათა გავუგოთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ცუდადაა, ვერ დგება, არ შეუძლია მოქმედება, არა აქვს ხალისი, სურვილი ცხოვრების. თქვენ ნუ გააგონებთ ასეთ ფრაზებს- „თავი ხელში აიყვანე,“ „ადექი,“ „შენთვის ახლა კარგია ვარჯიში“ და ა.შ. ეს ყველაფერი დეპრესიაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო თრგუნავს, რადგან დეპრესია ბადებს უვარგისობის, უსარგებლობის განცდას და როცა ადამიანი თავს განიცდის არარად, არარაობად, ამ თქვენი ვითომ შემწეობით უდასტურებთ მას,  რომ დამნაშავეა და ბრალეულობის განცდას უძლიერებთ; როდესაც ეუბნებით, რომ შენ ხარ დამნაშავე, ზარმაცობ, არ ინდომებ- ის უფრო მეტად განიცდის და ფიქრობს, რომ უსუსურია და ვერაფერში ივარგა. დეპრესიის ერთ- ერთი მახასიათებელია საკუთარი არსების აბსოლუტურად ხელმოცარულად, ცხოვრებაში დამარცხებულად შეგრძნება.

სოციალურმა ტვინმა იცის, როგორ თანაგიგრძნოს („ნწ, ნწ, ნწ, დაშავდი?“), მაგრამ საერთოდ არ მიიტანოს გულთან;  როდესაც ნამდვილად გსურს ადამიანის გრძნობასთან კავშირის დამყარება, მაშინ საჭიროა სპეციალური სიტყვების შერჩევა, რომ მეტ- ნაკლებად ძლიერი იმპულსით შეიგრძნო ის, რაც შენ თვითონ არ გამოგიცდია. ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ დეპრესია ეს არის ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე, რადგან დეპრესია გახლავთ ჩვენივე მკვდარი, გარდაცვლილი ნაწილების შიგნით ტარება.

დეპრესიის დასაწყისი შეიძლება იყოს ძალიან ადრეულ ახალგაზრდობაში, შეიძლება იყოს სულაც ბავშვობაში… მოზრდილობისას ეს უფრო გაცნობიერებულია, ხოლო ბავშვები ამას სახელს საერთოდ ვერ არქმევენ; ბავშვებში დეპრესია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დედ- მამის თვალსაწიერიდან უცებ გაქრობითა თუ რაიმე სხვა დანაკლისით, გამოიხატება სომატურად: ბავშვს ან საერთოდ აღარ სძინავს, ან სულ  სძინავს ან ხშირად ავადმყოფობს. მოზარდები ამ სიმპტომებს სიტყვა „დეპრესიას“ ვერ არქმევენ, მაგრამ მათში უკვე ჩამოყალიბებულია დეპრესია, რადგან უკვე აქვთ ეგზისტენციალური ფიქრის უნარი; ამ ასაკში ადამიანი ბევრს ფიქრობს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემებზე, უჩნდება ბევრი კითხვა და ამ გაურკვევლობა-გარკვეულობის ზღვარზე თვითმკვლელობაც საკმაოდ ხშირია. თვითმკვლელობა პირდაპირი  ან ლატენტური- როდესაც მოზარდი სარისკო ქცევას სჩადის, დააქროლებს მანქანასა თუ მოტოციკლს, მისდევს ექსტრემალურ სპორტს, თუ, დავუშვათ, ინტერესდება ნარკოტიკებით ან სხვა სარისკო დესტრუქციული ქცევებით. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დეპრესია სულაც არ მანიფესტირდეს ადრეულ ასაკში და უცებ, მოწმენდილ ცაზე მეხის ეფექტით ზრდასრულ ადამიანში იჩინოს თავი; ოღონდ შემდეგ უკვე ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება გააანალიზოს, რომ მას გაუცნობიერებლად რაღაც გრძნობები სტანჯავდა.

დეპრესია, რომელიც გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, არაა აუცილებელი, რომ გაფორმებული იყოს განსაკუთრებული, მძიმე დარტყმებით.

ეს შეიძლება იყოს უბრალოდ არასწორი აღზრდის შედეგი, როდესაც ადამიანი მოლოდინებს ვერ ამართლებს. ბავშვმაც კი იცის თუ რას ველით მისგან. ადრეული ასაკიდანვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია აღიარება; მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ თავის ტემპში განვითარება; როდესაც მშობლებს ან ძალიან მაღალი მოლოდინი აქვთ, ან პირიქით- დამთრგუნავი, ასე ვთქვათ, მაკასტრირებელი მოლოდინი, მაშინ ადამიანი თავიდანვე დეპრესიულ ფსიქოტიპად ყალიბდება.

დეპრესიული ფსიქოტიპი შესაძლოა სულაც არ იყოს დეპრესიით დაავადებული, ისევე, როგორც ჩვენს ხასიათში ნებისმიერი დაწინაურებული ხაზი, რადგან ჩვენ ხშირად უფრო შერეული ტიპები ვართ; ყველანაირი ფსიქოტიპის მახასიათებელი  მეტ-ნაკლებად დაბალანსებული გვაქვს: ხან ისტერიული რეაქცია შეიძლება გვქონდეს, ხან სრულიად ფორმალური, ემოციური კავშირი სამყაროსთან, როგორც შიზოიდურ, ძალიან რაციონალურ ფსიქოტიპებს სჩვევიათ; ხან შესაძლოა, ჩვენც გვქონდეს რაიმე აკვიატება და არ იყოს ნევროტული და იყოს, ვთქვათ- ოდნავ გადაჭარბებული; ჯანსაღი აკვიატებები ყველას გვაქვს. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ფსიქიკის განსაკუთრებული ტრავმირება ხდება, ჩვენს ხასიათში რომელიმე ერთი ხაზი წამოიწევს ხოლმე და თუ ეს დეპრესიული ფსიქოტიპის ხაზია, ასეთ შემთხვევაში, ამ ადამიანების კარგი მხარე იჩენს თავს- ეს არის ემპათიურობა; ადამიანი იმსჭვალება საოცარი თანაგრძნობით, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, არის ის, რომ საკუთარი საკუთარი სიცოცხლე არ ესახება ღირებულად და მას გამართლებას  მხოლოდ მაშინ უძებნის, როცა  სხვას უძღვნის.

თუკი ნებისმიერი, ელემენტარული ქცევაც კი სხვას ეძღვნება, ასეთი ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა ალტრუისტული სუბლიმაცია, ისეთ სამსახურებში მუშაობა, სადაც მსხვერპლშეწირვა და ძალიან დიდი თანაგანცდაა საჭირო. ასეთი რამ ადამიანების თვითშეფასებას ძალიან მაღლა სწევს, რადგან, მათ საოცარი ბრალის განცდა აქვთ იმაზეც კი, რაც არ ჩაუდენიათ. ეს ბრალეულობის განცდაც იქიდანაა, ვერავის მოლოდინი რომ ვერ გაამართლეს; მოლოდინები კი, თქვენც იცით, უამრავია… რამდენ ძალადობრივ გვირაბში უნდა გავიაროთ, სანამ ზრდასრულები გავხდებით და რამდენი ვინმეს და რამის მოლოდინი უნდა გავამართლოთ: ჯერ მშობლების, მერე გაფართოებული ოჯახის, ნათესავების, პირველი სართულის მეზობლების, საზოგადოების, ტრადიციის, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და ბეწვის ხიდს გავდივართ, როდესაც ვცდილობთ შევინარჩუნოთ ელემენტარული უღალატობა საკუთარი თავის მიმართ, რომ ის ელემენტარული „მე“ -ს სურვილები მაინც დავიკმაყოფილოთ, რაც ოდნავ მაინც გაგვაბედნიერებს და შეგვაძლებინებს გავუძლოთ ყველა ამ ძალადობას, გავუძლოთ ყველა ამ მოთხოვნას, რასაც ჩვენგან ითხოვენ და, ხშირად, შეიძლება, სულაც, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს სურვილებს.

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის სალონური საუბრებიდან

 

Related Posts