ბლოგები, სიახლეები

„ფსიქიკა – პირადი მცველი“ – ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე

ის ძალა, რომელიც ჩვენზე მეტია (ღმერთი, განგება, ბუნება, კანონზომიერება, აბსოლუტური სამართლიანობა, აბსოლუტური სიკეთე…) რაღაცას გვეუბნება. რაც უფრო მეტად მოვუსმენთ, ვეცდებით გავიგოთ რისი თქმა უნდა – მეტად დამშვიდდება და შემდეგ ჩვენც მოგვცემს საუბრის და მოქმედების საშუალებას. კვლავ ისეთივე თავისუფლებით, თანაარსებობით, იმ იმედით, რომ ამ თავისუფლებასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას გადავსინჯავთ.

ინტერესი მაქვს:  ნეტავ, რისი თქმა უნდა…

  1. ეს ჩემი აზროვნების სტილია, რომელიც იცავს ჩემს ფსიქიკას იმისათვის, რომ ფსიქიკამ დამიცვას მე.
  2. თუ თქვენ იყენებთ თქვენს ინტელექტუალურ რესურსს და ამ ან სხვა ნათქვამს/სიტუაციას იუმორის საგნად აქცევთ- გააკეთეთ ეს, ესე იგი, თვქენ გაქვთ რესურსი სხვანაირად შეხედოთ სიტუაციას და ამით საკუთარ თავსაც დაეხმაროთ და სხვებსაც (მთავარია, სხვა ან საკუთარი თავი არ დააზიანოთ ამ ქცევით).
  3. თუ თქვენ შეგიძლიათ სხვებს დაეხმაროთ (ეს შეიძლება იყოს სხვების მოკითხვაც, სხვების გაგება და თანაგრძნობა, სხვების მიმართ დადებითი ემოციის გამოხატვა, ზრუნვა, ხანდახან სხვების ბრაზზე აყოლა) – გააკეთეთ ეს. ამ დროს, თქვენს სხეულში, გაიზრდება ჰორმონი ოქსიტოცინის გამოყოფა და თქვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებს.
  4. თუ თქვენ ბრაზობთ, კრიტიკის სურვილი გიჩნდებათ – გაბრაზდით, გააკრიტიკეთ და, ამავდროულად, ახსენით რატომ გაბრაზდით (ოღონდ იმ პირობით რომ თქვენი კრიტიკითა და ბრაზით არ დააზიანებთ სხვას ან/და საკუთარ თავს);
  5. თუ თქვენ მოიწყინეთ – წაჰყევით ამ მოწყენილობას, გაჰყევით თქვენს დეპრესიულ გუნება-განწყობილებას წინააღმდეგობის გარეშე, ესაუბრეთ თქვენს თავს – თუ რას გრძნობთ, იქიდან წამოიღებთ რაღაც მნიშვნელოვან, ნამდვილ ცოდნას, თუ აზროვნების რაციონალურ დონესაც ჩართავთ.
  6. თუ თქვენ ასრულებთ რელიგიურ ან სხვა რიტულებს რწმენით, (მაგალითად, სვამთ ნაკურთხ წყალს ყოველ დილით…) თუ ეს არ არის შემაწუხებელი რიტუალი- გააკეთეთ ეს. ნამდვილად გიშველით, თქვენ შეგიძლიათ რომ რაღაცის გწამდეთ, რაც მშვენიერია.
  7. თუ თქვენ გჯერათ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ან/და თქვენ არაფერი მოგივათ (ახლა ან ნებისმიერ რთულ სიტუაციაში) – მართლა ასე იქნება, ოღონდ „ხელების დაბანა“ (ანუ პროფესიონალების მიერ რეკომენდებული წესების დაცვა) მაინც არ დაგავიწყდეთ!)

 

  1. თუ თქვენ შფოთავთ ან გეშინიათ – „უმასპინძლეთ“ თქვენს არასასიამოვნოდ განცდად შეგრძნებებს და ემოციებს. მოუსმინეთ თქვენს შიშებს, ის ყოველთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაცის გვეუბნება საკუთარ თავზე, საკუთარი თავის მეტად შესწავლა კი ზრდის ჩვენს პიროვნებას და გამკლავების რესურსიც შესაბამისად იზრდება. მიჰყევით თქვენს წარმოსახვას. რა შეიძლება მოხდეს – რას გეუბნებათ თქვენი შიში; ფსიქიკის მიზანია დაგიცვათ და მოგამზადოთ საშიში სიტუაციებისთვის, იზრუნოს ჩვენზე და დაგვეხმაროს. თუ მოვუსმენთ დამშვიდდება, იმიტომ რომ უსაფრთხოება შეგვიქმნა ამით. შეიძლება ნეგატიური შინაარსის და შემაწუხებელი წარმოსახვები გაგვიჩნდეს, ამ წარმოდგენების „მოსმენის“ შემდეგ შეგიძლიათ თქვენ „ესაუბროთ“ წამოსახვას ამავე დონეზე – თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ „ახალი ტვინის“ (ნეოკორტექსის), კერძოდ, წარმოსახვის რესურსი და სცადოთ ჩაანაცვლოთ ეს სიტუაციები ისეთი სიტუაციებით, როგორც გინდათ, რომ მოხდეს (ოღონდ იმისთვის რომ თქვენი შეთავაზება მიიღოს მან, ჯერ მას მოუსმინეთ.)
  2. თუ გამძაფრებული სურვილი გაქვთ ეკონტაქტოთ სხვებს, გააკეთეთ ეს ისე, რომ შეინარჩუნოთ „ხელების დაბანის“ წესი.  თქვენი ფსიქიკა დარწმუნდება, რომ მარტო არ ხართ და მეტად გადარჩებით რთულ სიტუაციებში.
  1. ვისაც გჯერათ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და თქვენ ამ ქვეყანაში დაიბადეთ, ამისთვის კი მადლიერი ხართ – გჯეროდეთ ამის, ეს გადაგარჩენთ.
  2. ვინც ფიქრობთ, რომ ისტორიული მოვლენის ნაწილი ხართ, ცდილობთ გაანალიზოთ და ინტერესით შეხედოთ სიტუაციას, ხედავთ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც თქვენ შეხედავთ. იფიქრეთ ამაზე, მართლაც რომ საინტერესო მოვლენებია თქვენ წინაშე.
  1. ვინც პოულობთ რთულ სიტუაციებში „სამაგიერო“ სარგებლებს (ისე, რომ სხვას არ აზიანებთ) – შეგერგებათ!
  2. ვისაც საკუთარი თავის ან სხვების მიმართ მადლიერების გრძნობა გიჩნდებათ, გააძლიერეთ ეს – იმუნურ სისტემას გააძლიერებს და შეცვლის თქვენ სხეულში არსებულ წყლის კრისტალებს დადებითისკენ.
  3. ვისაც გაშფოთებთ ეს მოულოდნელი, მრავალმხრივი და უკონტროლო ცვლილებები და ახერხებთ რაიმე ტიპის (თუნდაც მარტივი) ისეთი რუტინა შეინარჩუნოთ, რასაც ამ საგანგებო სიტუაციებამდეც აკეთებდით – გააკეთეთ ეს. თვქენ დაგეხმარებათ იმის განცდაში, რომ რაღაც უცვლელია. შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს გარემო საგნებთან, მოვლენებთან ან მხოლოდ თქვენს პიროვნებასთან, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი და, შესაბამისად, ცვალებადი ვართ. ამავდროულად, გვაქვს პიროვნულ ღერძში რაღაც, რაც არ იცვლება და ნარჩუნდება (თუ სურვილი გაქვთ, იმაზეც შეგიძლიათ იფიქროთ – რა შეიძლება იყოს ეს უცვლელობა თქვენს შემთხვევაში).
  4. ვინც საქმეში ჩართულობას, მოვლენების გათვალისწინების ფონზე, ისევ ახერხებთ და ჩემსავით არ გიშლით ხელს ტექნიკასთან ურთიერთობის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შფოთვა , ყოჩაღ! – მშვენიერია.


და ასევე, ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებულ წესებს იცავთ – დაიცავით. ეს დაგეხმარებათ.

  1. ვინც, ძალდატანების გარეშე, ახერხებთ კვლავ იფიქროთ საქმეზე, აკეთოთ მასთან დაკავშირებული სააზროვნო საქმეები და ამაში გადაიტანოთ ენერგია – გონიერება გამოიყენოთ ემოციურ სიტუაციაში, ეს კარგია. თქვენს თავსაც ეხმარებით და საქმესაც (მეორე, ამ სიტუაციაში, ცოტა ხანში უფრო გამოჩნდება).
  2. თუ თქვენ გიჩნდებათ ისეთი შინაარსის აზრები, როგორიცაა “რამე ხომ არ დავაშავე” ან “რამე ჩემი ბრალი ხომ არ არის”- თქვენ აცნობიერებთ რომ შეცდომებიც შეიძლება დაუშვათ და ძლიერი სურვილი გაქვთ ამის გამოსწორების, თუ ეს ასეა, ანუ თქვენ აცნობიერებთ, რომ ხართ “ცოდვილი” – ჩათვალეთ, უკვე მოგეტევათ, ამაზე დაფიქრება და სინანული საკმარისია მიტევებისთვის. თქვენ ახლა შეგიძლიათ იყოთ თქვენი თავის მადლიერი, რომ ამაზე დაფიქრდით და ჩაიფიქრეთ სურვილი –  ის ახდება.
  3. თუ თქვენ მანამდე რაღაცის გაკეთებისთვის ვერ გამონახეთ ძალა და ახლა ფიქრობთ “ეს როგორ არ/ვერ გავაკეთე აქამდე”- ესე იგი, თქვენ უფრო გაძლიერდით და ცოტა ხანში აუცილებლად გააკეთებთ.
  4. თუ შეგიძლიათ მოიცალოთ საკუთარი თავისთვის და კომუნიაცია დაამყაროთ მასთან – თქვენ ბევრ საინტერესო, უნიკალურ და განმავითარებელ ინფორმაციას „ამოიკითხავთ“ მასში.
  1. თუ თქვენ ხართ მედიცინის მუშაკი, მაღაზიის, აფთიაქის ან სხვა საჭირო დაწესებულების კონსულტანტი, მძღოლი, პოლიციელი თუ სხვა, ვინც ახერხებთ განაგრძოთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და “ჩვენთვის დარჩეთ სამსახურში”, ან უბრალოდ მიუხედავად პროცესების შეჩერებისა, ფიქრობთ (ესეც საკმარისია) ან მუშაობთ სხვა ადამიანების ეკონომიური სტაბილურობისთვის (შესაძლებლობიდან გამომდინარე) – უბრალოდ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! დარწმუნებული ვარ, სხების სამსახურში მყოფობა- სხვების (ჩვენი) დახმარება ისე გაგიძლეირებთ იმუნურ სისტემას, ყველანაირ ბაქტერიას გაუმკლავდება!
  2. თუ ჩამოთვლილთაგან არცერთი – დააკვირდით რა არის ისეთი რაც გიცავთ, აუცილებლად არის ასეთი რამ, თუნდაც ის აზრი რომ “არაფერი მიცავს ახლა” – თქვენ გჭირდებათ დაუცველობის გრძნობა, რადგან ასე უფრო მეტად იქნებით დაცული.


……..

ფსიქიკა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ცნობიერი, ანუ, ჩვენ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ. შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები  იმაზე მეტია,  რასაც ვხედავთ. პირადი არაცნობიერის გარდა, გვაქვს კოლექტიური არაცნობიერი, რომელსაც პირველი ადამიანის პერიოდიდან მოყოლებული შენახული აქვს ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია: არც მე ,არც ჩემს მშობლებს და არც მათ მშობლებს უსწავლიათ, რომ დაცემის დროს ხელები მოვიშველიოთ, იმიტომ რომ უფრო გადავრჩეთ და სახე არ დავარტყათ, მაგრამ ეს ვიცით და არა მარტო ვიცით, როცა ასეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, ამ ცოდნას, გვინდა თუ არა,  ვიყენებთ.

 

ადამიანის ტვინი მუდმივად ვითარდება. ასეთი განვითარების შედეგია ნეოკორტექსის ნაწილი, რომელსაც მესამე ტვინს და ახალ ტვინსაც უწოდებენ, რადგან განვითარების შედეგად შეიქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, ემოციურ სიტუაციაში ჩავრთოთ გონიერი ტვინი. თუმცა, შესაძლოა, ჯერ არაცნობიერად მიგნებული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ქცევების გამოყენება დამჭირდეს, ეს ნორმალურია, განსაკუთრებით მწავავე სტრესის დროს. 

 

ჩვენი დაცვითი მექანიზმი ვიღაცისთვის შესაძლოა არც იყოს მისაღები ან/და უცნაური იყოს ან, პირიქით, მსგავსი… რაციონალურია ეს თუ არა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ მთავარი ისაა, რომ რწმენებისგან მომდინარე ქცევები ჩვენ ან/და სხვებს არ გვაზიანებდეს და თუ ეს ასეა, ესე იგი ის გვეხმარება. რთული სიტუაციების ჩავლის შემდეგ კი, თუ ჩვენ გავაანალიზებთ რა დაგვეხმარა მასთან გამკლავებაში და რამდენად რაციონალური იყო ეს ყველაფერი – ეს უკვე საინტერესო და მნიშვნელოვანია.


პ.ს. როგორც ჩანს,  ჩემი დაცვის მექანიზმი ისეთი ძლიერია, ხანდახან მგონია, რომ მთლად დაცვა ან მთლად მარტო დაცვა არ არის და უფრო მეტია – რაღაც,  ახლოს ობიექტურ ჭეშმარიტებასთან. 

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე 

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts