დანაკლისის შემთხვევაში რატომ უვითარდება ერთ ადამიანს დეპრესია, მეორეს კი არა? – პრობლემა ნიადაგშია, რომელიც ადრეულ ბავშვობაში – დედის შვილთან ურთიერთობისას ყალიბდება. ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი დოლტო ამბობდა, რომ ბავშვი ჯერ გულში იბადება, ანუ დედის ოცნებაში – თუ რა დამოკიდებულებით და განწყობით აჩენს ის ბავშვს. არსებობს ბავშვი, რომელიც არ არის სიყვარულის ნაყოფი, არამედ გარიგების, არის ბავშვი, რომელსაც მშობელი საკუთარი ცხოვრების სიცარიელის შევსების მიზნით აჩენს, არის ბავშვი, რომლებსაც მშობლები შერიგების მიზნით აჩენენ. იმის მიხედვით თუ რა განზრახვა აქვთ მშობლებს ბავშვის გაჩენისას, ბავშვის როლიც შესაბამისად იცვლება და იგი ამ როლს ასრულებს. ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის ფსიქოფიზიკური კლიმატი, რომელშიც ქალს უწევს ცხოვრება. თუ დედისგან კარგი პირობებია, მუცლადყოფნის პერიოდი ბავშვისთვის სამოთხესავითაა.მშობიარობის შემდეგ კი იგი უცხო გარემოში ხვდება, სადაც დედა მას მფარველად უნდა მოევლინოს. დედას მოაქვს სიმშვიდე, დედას მოაქვს საკვები, დედას მოაქვს სიყვარული თავისი შვილისათვის. თუკი ეს კონტაქტი არ შედგა, ბავშვი ასეთ დედასთან ურთიერთობაში შემდეგ სამ რთულ ფაზას გადის: – პროტესტის ფაზა, იმედგაცრუების ფაზა და განშორება – გათიშვა დედისაგან. ასეთ შემთხვევაში ვითარდება სუსტი ნიადაგი და მომავალში რაიმე დანაკლისის ტრავმა ადვილად იწვევს დეპრესიას.
ფსიქიატრი რეზო კორინთელი