სიახლეები, სტატიები

„ძილი, სხეული და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ – ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე

რა არის ძილი? ძილი მდგომარეობაა, რომელშიც, ორგანიზმი, დროდადრო იმყოფება. ძილს სხვა მდგომარეობებისგან მრავალი თავისებურება განასხვავებს. ღრმა ძილის დროს, იცვლება გულ – სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და ორგანოთა სხვა სისტემების ცხოველქმედების თავისებურებები. მაგალითად, დღის მანძილზე, ჩვენ არათანაბრად ვსუნთქავთ, რადგან ჩვენზე სხეულის დატვირთვა, განცდილი ემოციები და სხვა გარემოებები მოქმედებს. ღრმა ძილის დროს, სუნთქვის სიხშირე იშვიათდება და თანაბრად სუნთქვას ვიწყებთ.[1] ძილის დროს, თავის ტვინი ნაკლებად ფხიზლად რეაგირებს გარესამყაროზე. თუმცა, თუ თქვენ ახალ, აქამდე უცნობ ადგილას გძინავთ, შესაძლოა, მეორე დღეს გამოუძინებლობის განცდა გქონდეთ. თქვენი თავის ტვინი ნაწილობრივ ფხიზლობს, რადგან თქვენ უცნობ გარემოში ხართ, ხოლო თავის ტვინის ერთ – ერთი ფუნქციაა, საფრთხის საპასუხოდ სწორი გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოთ.[2] რისთვის გვჭირდება ძილი? ძილის კვლევები ცხადყოფს, რომ ძილს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. სრულფასოვანი ძილი დადებითად მოქმედებს შემდეგი სისტემების სრულფასოვან ფუნქციონირებაზე:

  • გულსისხლძარღვთა სისტემა – ვარაუდობენ, რომ ძილის ერთ – ერთი ფუნქცია გულ – სისხლძარღვთა სისტემის დასვენებაა დღის მანძილზე განცდილი სტრესული გარემოებებისგან.
  • ზრდის ჰორმონის გამომუშავება – მიუხედავად იმისა, რომ ძილის დროს, სხეულებრივი პროცესების უმრავლესობა შენელებულია, ორგანიზმი გაძლიერებულად გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს.
  • ენერგიის შენარჩუნება – ვარაუდობენ, რომ ძილის ერთ – ერთი ფუნქცია სხეულის ენერგიის დაზოგვაა. მღვიძარების დროს, სხეულს შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის ბევრი ენერგია სჭირდება. ძილის დროს, სხეულის ტემპერატურა იკლებს და ჩვენს სხეულს გაცილებით ნაკლები ენერგიის გაღება სჭირდება.[3]

ძილის სარგებელი დადგენილია, რომ სრულფასოვანი ძილი, ბევრ სხვა სარგებელთან ერთად:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • მონაწილეობს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში
  • გვეხმარება ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევასა და შენარჩუნებაში[4][5]

რამდენი საათის მანძილზე უნდა გვეძინოს?

დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას, დღე – ღამის მანძილზე, დაახლოებით, 7 – 9 საათის მანძილზე სჭირდება ძილი.[6]

  როგორ მოქმედებს ძილი ფსიქიკაზე? ჯანმრთელი ძილი ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სრულფასოვანი ძილის დროს, სხეული თავისუფლდება დღის მანძილზე, სტრესული გარემოებების პასუხად გამომუშავებული ადრენალინისა და კორტისოლისგან.[7] ამ ორ ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმი საფრთხის საპასუხოდ გამოიმუშავებს და შფოთვას განგვაცდევინებს. ძილი და სიზმარი გვეხმარება დღის მანძილზე განცდილი ემოციების, აზრების და სხვა ფსიქიკური განცდების გამთლიანებაში და დახარისხებაში.[8] ძილის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს სხეულებრივ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ძილის ხანგრძლივი დროის მანძილზე ნაკლებობის შემთხვევაში, იზრდება ისეთი ფსიქიკური აშლილობებისადმი წინასწარგანწყობების გამოვლენის ალბათობა, როგორიცაა დეპრესიის ეპიზოდი, შფოთვითი აშლილობები და სხვა.[9] ძილის ნაკლებობა ამძაფრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების (მაგალითად, ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, ალკოჰოლი) გამოყენების სურვილს. ადამიანებს უჭირთ ძილის ნაკლებობით გამოწვეული იმპულსური ქმედების მართვა და მათი შედეგების შესაბამისად შეფასება.[10][11] ჯანმრთელი ძილის ნაკლებობა ამძაფრებს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობებისათვის დამახასიათებელ, მტანჯველ განცდებს.[12][13]

 

ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე რეცენზენტი: თამთა ნეკაშვილი, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების მაგისტრი. [1] “The Characteristics of Sleep,” Harvard Medical School, December 18, 2007, http://healthysleep.med.harvard.edu/healthy/science/what/characteristics [2] Sam Wong, Sleeping away from home? Half your brain is still awake, April 21, 2016, https://www.newscientist.com/article/2085409-sleeping-away-from-home-half-your-brain-is-still-awake/#ixzz63j3r3RWM [3] “What Happens When You Sleep?” WebMD, May 30, 2018, https://www.webmd.com/sleep-disorders/ss/slideshow-sleep-body-effects [4] “Why lack of sleep is bad for your health,” National Health Service, May 30, 2018, https://www.nhs.uk/live-well/sleep-and-tiredness/why-lack-of-sleep-is-bad-for-your-health/ [5] “The Effects of Sleep Deprivation on Your Body,” Healthline, April 19, 2019, https://www.healthline.com/health/sleep-deprivation/effects-on-body#1 [6] “National Sleep Foundation Recommends New Sleep Times,” National Sleep Foundation, February 2, 2015, https://www.sleepfoundation.org/press-release/national-sleep-foundation-recommends-new-sleep-times [7] Eve Van Cauter, Kristen Knutson, Rachel Leproult, Karine Spiegel, “The Impact of Sleep Deprivation on Hormones and Metabolism,” Medspace, https://www.medscape.org/viewarticle/502825 [8] Yolanda Smith, “Function of Sleep,” News Medical, August 23, 2018, https://www.news-medical.net/health/Function-of-Sleep.aspx [9] Linda Geddes, “Staying awake: the surprisingly effective way to treat depression,” January 22, 2018, https://mosaicscience.com/story/staying-awake-surprisingly-effective-way-treat-depression/ [10] Kirk J. Brower, Brian E. Perron, “Sleep Disturbance as a Universal Risk Factor for Relapse in Addictions to Psychoactive Substances,” Medical Hypotheses 75, no. 5 (May 2011): 928 – 933. [11] Maria M. Wong, Gail Roberson, and Rachel Dyson, “Prospective relationship between poor sleep and substance-related problems in a national sample of adolescents,” Alcoholism: Clinical and Experimental Research 39, no. 2 (February 2015), 355 – 362. [12] “Sleep and mental health,” Harvard Health, March 18, 2019, https://www.health.harvard.edu/newsletter_article/sleep-and-mental-health [13] “The Complex Relationship Between Sleep, Depression & Anxiety,” https://www.sleepfoundation.org/excessive-sleepiness/health-impact/complex-relationship-between-sleep-depression-anxiety    

 

Related Posts