სიახლეები, სტატიები

„კონცეფცია „მე“-ს ჩამოყალიბება იუნგის მიხედვით“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

რეზო კორინთელი

იუნგის მიხედვით, ჩვენი „მე“-ს გარშემო იმყოფებიან გარკვეული რაოდენობის პერსონალიები ანუ კომპლექსები, რომელთა დამოკიდებულებაც ცხოვრების განმავლობაში იცვლება.

ყოველ ჩვენგანს აქვს ნიღაბი, რომლითაც წარვსდგებით საზოგადოების წინაშე; ეს არის სოციალური საფარველი და ეს ნიღაბი საჭიროა, რადგან ადაპტაციაში გვეხმარება, მაგრამ თუ ადამიანი ძალიან შეერწყა თავის ნიღაბს, იგი კარგავს კავშირს თავის ნამდვილ მესთან. ამიტომ ნიღაბს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, თანამდებობიდან რომ მოხსნიან, ოხოცებიან, რადგან მათი „მე“ გაიგივებული იყო თანამდებობასთან; ანუ  შენი პერსონა, რითაც შენ წარსდგები და შენი „მე“ იყო ერთი და იგივე. ამიტომ მკურნალობის პროცესში ადამიანმა უნდა მოახდინოს გაიგივება თავის პერსონასთან.

შემდეგი არის აჩრდილი. თქვენ გრძნობთ, რომ ამა თუ იმ ადამიანის უკან აჩრდილია და ეს ძირითადად ეშმაკის სახითაა გამოხატული; რატომ? იმიტომ, რომ ეს არის საპირისპირო, რისი აღიარებაც არ სურს და, რაც უფრო დიდია დამალვის მცდელობა, მით მეტად აქტიურდება აჩრდილი და მით უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მას. მაგალითად, აჩრდილია, როდესაც ადამიანი ალკოჰოლის, ან სხვა რაიმე ფაქტორის ზემოქმედებას განიცდის, რის შედეგადაც შეიძლება შეირყეს და მისი საქციელი სრულიად საპირისპირო იყოს სიფხიზლეში მისი ქცევისა, ხოლო შემდეგ გაუკვირდეს კიდეც   „ეს მე როგორ მომივიდა, ალბათ ძალიან დავთვერიო“… ეს უფრო პიროვნების გაუცნობიერებელ მხარეს წარმოადგენს, რომლის თავის თავში აღმოჩენა პიროვნებას შეუძლია მისი პატიოსნად აღიარების შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგი მეუღლე და მამაა, რომელსაც პატივს სცემენ ხელქვეითები, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ეგოისტი მეუღლეა, ტირანი მამაა, რომელიც სძულთ და რომლისაც ეშინიათ ხელქვეითებს! სწორედ ეს ნეგატიური მხარე წარმადგენს მის აჩრდილს. იტყვიან ხოლმე კაცზე, რომ შინ საშინელი და აუტანელიაო და თანამშრომლები გაიკვირვებენ კიდეც რას ამბობთ, იმდენად კარგი ადამიანია, წარმოდგენაც კი გვიჭირსო, მსგავსი რამ არ შეგვიმნევიაო და სხვა. 

შემდეგი არის სამშვინველის არქეტიპი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი საპირისპირო სქესის მატარებელია. ჩვენ, ყველას, ქალსა და მამაკაცს, როგორც კაცის, ისე ქალის ჰორმონები გვაქვს. ფსიქიკის დონეზე კაცის აღზრდა ქალის საწყისს თრგუნავს და ის აღიზრდება როგორც მამაკაცი, ხოლო განუვითარებელი რჩება ქალური საწყისი. იგი არის მამაკაცის მეორე ნახევარი და შემთხვევითი არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ამ ფრაზით აღნიშნავენ მეუღლეს მეორე ნახევარი!.. მეგონა, ასე მხოლოდ საქართველოში იყო და ეს მოდიოდა პლატონის მითიდან, როდესაც ადამიანი სრულქმნილი, უნაკლო იყო და მერე იმდენად გაამაყდა, რომ ღმერთებს გაუტოლა თავი და, მითის მიხედვით, ღმერთებმა შური იძიეს და ორად გაყვეს; იქედან მოყოლებული ადამიანს აქვს ნოსტალგია ძველი მდგომარეობისადმი და ეძებს თავის მეორე ნახევარს; ანუ სიყვარული არის მეორე ნახევრის მოძიების წყურვილი, რომელიც გაუცნობიერებლად ამ ერთიანობის განცდაა და ძევს ჩვენს არაცნობიერში. 

ამ სამშვინველის არქეტიპი მამაკაცური მხარე, რომელიც განდევნილია ქალის ცნობიერებიდან, იღვიძებს მამაკაცთან ურთიერთობისას. ან შეიძლება სულაც უარყოფითი ფორმა მიიღოს, ეგრეთ წოდებული მასკულინური პროტესტის სახით, როდესაც ქალს არ სურს ქალობა, იშორებს ქალურ საწყისს და პაექრობს მამაკაცთან.

შემდეგი არის ინდივიდუაცია და ეს არის პიროვნების განვითარება, თვითრეალიზაცია, დახვეწის უნარი, რასაც რელიგიაში შეესაატყვისება განღმრთობა,  ანუ სრულქმნილება; ესე იგი შენ უნდა გახდე ის, რაც შენში ძევს, და ეს არ არის იუნგის აღმოჩენილი ფსიქიატრიაში, ეს აღმოჩნდა პაციენტებზე დაკვირვებისას. ეს პროცესი თავს იჩენს უმალ საკუთარ თავზე დაკვირვებით და ამ პროცესს თავისი ნიშნები აქვს, რასაც ინდივიდუაციას უწოდებენ. ეს არის თვითრეალიზაცია.

ინდუსებს მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ლომის თესლისგან ლომი წარმოჩნდება, მუხის თესლისგან მუხა და არც ადამიანია გამონაკლისი. თესლში ძევს ის, რაც უნდა განხორციელდეს. ადამიანს აქვს ინდივიდუალური თესლი, ის იდეალი, რომლისგანაც ის უნდა იქცეს ამ შინაგანი, ასე ვთქვათ, ღვთაებრივი ნაპერწკლის განხორციელებად და სწორედ ამას ნიშნავს ინდივიდუაცია.

 

ფსიქიატრი რეზო კორინთელი 

Related Posts