სიახლეები, სტატიები

„რატომ გვიჭირს დეპრესიის ცნობა შვილებში?“

სამიდან ორი მშობელი ამბობს, რომ გაუჭირდებოდათ, განესაზღვრათ აქვს თუ არა მათ შვილს დეპრესია.

მშობლებისათვის შემაძრწუნებელია იმაზე ფიქრი, რომ მათ შეიძლება დეპრესია შვილებში ვერ შენიშნონ. სამწუხაროდ, ხშირად ეს მოლოდინი მართლდება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მცირე ნაწილი დეპრესიის მქონე შვილის დახმარებისათვის შესაბამის სპეციალისტს დროულად მიმართავს, საპირისპირო რამ გაცილებით ხშირად ხდება. როგორც წესი, იმ დროისთვის, როდესაც მშობლები დახმარებისათვის მომმართავენ, ბავშვი უკვე ძლიერ შფოთვასა და დათრგუნვილობას, დაახლოებით, ორი ან სამი წლის მანძილზე მაინც განიცდის.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დეპრესია და თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების სიხშირე ბავშვებში იზრდება, ეს საკითხი აუცილებლად ითხოვს ყურადღებას. გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობა ამბობს, რომ 4 ბავშვიდან ერთი მაინც იცნობს თანატოლს, ვისაც დეპრესია აქვს და ათიდან ერთი ბავშვი მაინც იცნობს თანატოლს, რომელიც თვითმკვლელობის შედეგად გარდაიცვალა. ეს რიცხვები ჩარლზ სტიუარტ მოთის ბავშვთა ჰოსპოტალის მიერ ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის შედეგებია, რომელმაც 6 – 9 წლის ბავშვებისა და 14 – 18 წლის მოზარდების მშობლები გამოიკითხა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მშობლების 90% თვლიდა, რომ მათ რამდენადმე მაინც შეეძლოთ შვილებში დეპრესიის ნიშნების ცნობა. „თუმცა, მშობლების ორი მესამედი ასახელებდა დეპრესიის ცნობაში ხელისშემშლელ დაბრკოლებებს, როგორებიცაა, მაგალითად, დეპრესიის განსხვავება გუნება – განწყობის ჯანსაღი მერყეობისგან (40%) და ბავშვების უნარი, დამალოს განცდები (30%)“ – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მშობლები სწორად ასახელებენ ამ ბარიერებს. კვლევის ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, მშობლები ზედმეტად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ისინი შვილებში დეპრესიის ცნობას შეძლებენ. მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები ხშირად მეუბნებიან, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და, რომ მათ ამაზე მშობლებთან არ უსაუბრიათ. ზოგჯერ მათ უცდიათ მშობლებთან საუბარი, თუმცა, გული დასწყვეტიათ. ზოგჯერ კი მათ არც კი უცდიათ მშობლებთან ამ საკითხზე საუბარი, რადგან არ იცოდნენ, როგორი შედეგები მოჰყვებოდა ამას.

რატომ არ ეუბნებიან შვილები მშობლებს, როგორ გრძნობენ თავს?

  1. ჩვენ მათ არ ვუსმენთ. შესაძლოა, ჩვენ დაკავებულები ვართ ან ონლაინ სივრცეში ვართ და ჩვენს ყურადღებას არ იქცევს ის მანიშნებლები, რომლებმაც ჩვენი ყურადღება შვილებისკენ უნდა მიმართოს. ჩვენ ვიცით, რომ მშობლები ახლა იმაზე მეტ დროს ატარებენ შვილებთან, ვიდრე – ოდესმე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლებიც იმაზე მეტია ირგვლივ, ვიდრე – ოდესმე.
  2. ჩვენ მათ გამოსწორებას ვცდილობთ. როდესაც ჩვენ პრობლემა გვაქვს, გვჭირდება მეგობარი, რომელიც მოგვისმენს და არა მეგობარი, რომელიც ჩვენს გამოსწორებას ეცდება. თუმცა, როგორც მშობლები, ჩვენი შვილების პრობლემების გამოსწორებას მათი ბავშვობიდანვე შევეჩვიეთ. ჩვენი უცვლელი წესრიგი იმას გულისხმობს, რომ შვილებს ვასწავლით, რა იგრძნონ ან რას უნდა გრძნობდნენ. „არ იღელვო,“ ვეუბნებით ხოლმე მათ „გაგივლის.“
  3. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ეს მდგომარეობა დროებითია. ჩვენ გვგონია, რომ მათ ასეთი ეტაპი აქვთ და ეს ეტაპი დიდხანს არ გასტანს.
  4. ჩვენ არ ვინტერესდებით მათი მდგომარეობით. რადგან ჩვენ მათი მდგომარეობა გვაკმაყოფილებს, ვივიწყებთ მათი მდგომარეობის შემოწმებას. ჩვენ ის დრო გვახსოვს, როდესაც ისინი სამი წლის ასაკში იყვნენ და, როდესაც ვეკითხებოდით, სტკიოდათ თუ არა რამე, თამამად გვპასუხობდნენ „დიახ“ – ს. მშობლები ხშირად გეტყვიან, რომ მათი შვილი მგრძნობიარეა და, თუ მათ ჰკითხავთ, გრძნობენ თუ არა შფოთვასა და დათრგუნვილობას, ისინი დაიჯერებენ, რომ ასეა. ზოგჯერ მშობლები ვარაუდობენ, რომ იმ 10 წუთის მანძილზე, რომელიც მათმა შვილმა ჩემთან გაატარა, მე შთავაგონე შფოთვა ნაცვლად იმისა, რომ დაიჯერონ, რასაც მათი შვილები მე მიყვებიან წლების მანძილზე განგრძობილ ტანჯვაზე.
  5. ჩვენ შეშინებული ვართ და ჩვენი შვილი ცდილობს დაგვიცვას. ჩვენი შვილები ხედავენ როდის ვიტანჯებით და თავს არიდებენ იმაზე საუბარს, როგორ გრძნობენ თავს. მათ არ სურთ ჩვენი შეწუხება. მე ხშირად ვაწყდები ამ პრობლემას უფროს შვილებში, როდესაც ისინი მზრუნველების როლს ირგებენ. თუმცა, ხშირად, უმცროსი შვილებიც, „უდარდელი,“ და „მხიარული“ ადამიანის როლს ირგებენ და თავს არიდებენ თავიანთ გრძნობებზე საუბარს. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების დედმამისშვილები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ თავის მოთხოვნილებებს უგულებელყოფენ, რადგან მათ დას ან ძმას გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე – მათ.

როგორ შეუძლიათ მშობლებს გულწრფელი ურთიერთობის წახალისება?

  1. დეპრესიის დემისტიფიცირება. მოუყევით თქვენს შვილს თქვენი შფოთვისა და დათრგუნვილობის შესახებ. ნუ დაუცდით მათი მოზარდობის წლებს, დაიწყეთ მათთან „დიდ გრძნობებზე“ საუბარი სასკოლო მზაობის პროგრამის შესატყვისი ასაკიდან. თუ თავად თქვენ განგიცდიათ დეპრესიის ეპიზოდი, აუხსენით თქვენს შვილებს, როგორ გიმარტივებთ ეს მათ გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ნათესავს ან მეგობარს ჰქონდა დეპრესიის ეპიზოდი, ესაუბრეთ თქვენს განცდებზე მარტივად. უთხარით თქვენს შვილს, რომ გინდოდათ, მათ დახმარებოდით და განუმარტეთ, რომ არსებობს მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგიანი გზები. ხაზი გაუსვით, რომ მისი გულწრფელობის იმედი გაქვთ.
  2. დაეყრდენით ექიმებს. გააცანით თქვენს შვილს შემდეგი იდეა: ექიმებს არა მხოლოდ ხველებისა და მაღალი ტემპერატურის გამო მივმართავთ. პედიატრებს „დიდ გრძნობებთან“ გამკლავებაში დახმარებაც შეუძლიათ. მეტიც: არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც ლაპარაკით ეხმარებიან ადამიანებს.
  3. მოიძიეთ სანდო ზრდასრულები. მოთის გამოკითხვის ერთ – ერთი მთავარი შედეგი ის იყო, რომ 10 მშობლიდან 7 ფიქრობს, რომ სკოლებმა უნდა იზრუნონ მოსწავლეებში დეპრესიის აღმოჩენაზე და შესატყვისი ასაკი შესაბამისი ღონისძიებების დაწყებისთვის 11 – 12 წელია.“ მშობლებმა შეიძლება ბავშვი წაახალისონ, რომ სანდო მეგობარს, ნათესავს ან მასწავლებელს გაუზიაროს თავისი განცდები.

როდესაც თქვენი შვილი არ გესაუბრებათ

დეპრესია სხვადასხვა ბავშვში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგიერთი ბავშვი მეგობრებისგან განცალკევდება და მეტ დროს განმარტოებით ატარებს. შესაძლოა, ისინი დასევდიანებულიც იყვნენ. თუმცა, სხვა ბავშვები ხშირად გამოხატავენ ბრაზს, არიან გაღიზიანებულები. მარტივია ბავშვში „ქცევის პრობლემა“ დაინახო, ვიდრე ის, რომ ის დეპრესიისგან თავდახსნას ცდილობს.

თუმცა, დეპრესიის ერთ – ერთი მთავარი თავისებურება ისაა, თუ როგორ გვაშორებს ის ერთმანეთთან აზრიანი კავშირისგან. მნიშვნელოვანია, მშობლები დააკვირდნენ მათსა და შვილს შორის კავშირი ხომ არ მიინავლა ერთ ან ორ კვირაზე მეტის ხნის მანძილზე. მე ყოველთვის ვეუბნები მშობლებს მაღალ ტემპერატურასთან თუ გრძნობებთან დაკავშირებით: „მე აქ ვარ, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ.“ ესტუმრეთ პედიატრს. რატომ უნდა იცადოთ? გულწრფელად საუბარი და გაურკვევლობების დაზუსტება სასარგებლოა.

პედიატრი და მწერალი, ელისონ ესკალანტე, ეხმარება მშობლებს იმ შტორმისგან თავდახსნაში, რომელსაც შვილებთან კავშირის დაკარგვა ეწოდება. თავად კი ორი მოუსვენარი ბიჭის მშობელია.

სტატია ვებსაიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

ნახატი სტატიისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

წყარო: https://bit.ly/3aRM5VE

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts