შფოთვა შეიძლება შეინიღბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არასწორი სახელდება ხდება. პაციენტი ამბობს, რომ მოწყენილია, ადრე ეღვიძება, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები აქვს და ამ გამოთქმების უკან სინამდვილეში შფოთვა იმალება;
ამის შემდეგ ეს ყველაფერი სომატური გზით იჩენს თავს – თავისა თუ სახსრების ტკივილის სახით. ხშირად შფოთვა ინიღბება გარკვეული მოქმედებითა და ქცევით – იქნება ეს თმის წვალება, მოწევა, თვალის პაჭუნი, ბევრი ჭამა თუ არასაჭირო ნივთების კომპულსიური ყიდვა. შფოთვის აღმძვრელ სიტუაციაში ზოგი რეაგირებს აგრესიით, მტრული განწყობითა და გაღიზიანებით, ზოგი კი ჩუმდება, იბოჭება, ინდიფერენტული ხდება და ამგვარი რეაქცია ასახავს კონფლიქტს უსუსურობასა და აგრესიას შორის, რაც აქტივობის დათრგუნვის მიზეზი ხდება.
ამ ტიპის პაციენტების ქცევა ჩვენც გვაღიზიანებს, მაგრამ ამავე დროს მათი პრობლემების ახსნისა და გაგების საშუალებასაც გვაძლევს, რადგან უფრო გვიადვილდება იმის წარმოდგენა, რომ ისინი, სავარაუდოდ, იმავე გრძნობებს აღძრავენ სხვებშიც.
შფოთვა შეიძლება დაიფაროს მრავალსიტყვაობით და ასეთი შემთხვევისას პაციენტს არ უნდა შევაწყვეტინოთ საუბარი, უბრალოდ, დელიკატურად უნდა მივუთითოთ, რომ ჭარბსიტყვაობა შესაძლოა შფოთვის სიმპტომი იყოს და რომ განუწყვეტელი საუბარი თავდაცვის ფორმაა.
ამის უკან შეიძლება იდგეს იმის შიში, რომ თერაპევტმა ან მოსაუბრემ არ დაუსვას ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც მისთვის მტკივნეული იქნებოდა. შფოთვაზე ზოგი პარადოქსულად რეაგირებს და დემონსტრაციული ღიაობით გიხსნის საკუთარ პრობლემებს, როგორც იტყვიან, ბოლომდე გაგეხსნება, რაც მეორე უკიდურესობაა.
ყველაფერს ზომა და წონა აქვს. ვამბობთ, რომ ნიღაბი ცუდია, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით ნიღაბი აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს სად რა თქვას. ბიბლიური იოსები ძმებს უყვება სიზმარს, რომელიც მათ იოსების გადიდკაცების ნიშნად მიიღეს და შურით აღვსილებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. მამისაგან განებივრებული იოსების მხრიდან, ალბათ, არ იყო საჭირო სიზმრის მოყოლა. ბიბლია კიდევ სხვა თემაა და სხვა კუთხითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ ჩვეულებრივი, ყოფითი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ, რომ ავტობუსში ძალდაუტანებელი საუბარისას ყვებით თუ სად გიდევთ ფული და რას აპირებთ, შეიძლება შემთხვევით ვინმემ ყური მოკრას და სათავისოდ რაიმე ფორმით გამოიყენოს. ეს თქვენი უცნაური გულღიაობა სწორედ შფოთვითაა განპირობებული.
ფსიქიატრი რეზო კორინთელი
👇 აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი