როდესაც ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ ადამიანის ადრეული ასაკიდან და ბავშვებთან ურთიერთობით. ალბათ გაგიგონიათ სიტყვები _ აუტიზმი და აუტისტური სპექტრი. უნდა ვიცოდეთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი თავისთავად გადის განვითარების ასეთ სტადიას _ როცა ის თავის ფანტაზიებში იკეტება, საკუთარ თავს ელაპარაკება, თავისთვის თამაშობს და გარემოსთან ნაკლები კონტაქტი აქვს; ეს ბუნებრივია და არაფერი აქ საშიში არ არის. მეორე საყურადღებო მომენტი – გამოვლინებები უფრო გამძაფრებულია და ამაში მშობლების „წვლილიცაა“, რადგან 6 თვის ბავშვს უკვე აჩეჩებენ მობილურს (მე მინახავს, რომ 1 წლის ბავშვი უკვე ფლობს მობილურს _ ხელს აჭერს ღილაკებს, შედის „იუთუბზე“, უყურებს რაღაცებს), შესაბამისად მშობლებისათვის და ძიძებისათვის ეს მომგებიანია; სანამ ბავშვი ამითაა დაკავებული, უფროსი თავისუფალია; ხანდახან ტელეფონს ტელევიზორი ანაცვლებს _ ესეც „კარგი საშუალებაა“ ბავშვის გასაჩერებლად. შესაბამისად, ურთიერთობების ჩვევა, რომელიც ბავშვს სჭირდება, ჩვენგანვე იბლოკება, რადგან ის მხოლოდ ტექნიკურ მოწყობილობებთან ურთიერთობს, გარე ურთიერთობების შესახებ კი არაფერი იცის. საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვს ესაჭიროება არა ცოდნითი კომპონენტი, არამედ ქცევითი მოდელი. ანუ ის იმეორებს იმას, რასაც ხედავს. ქცევითი მოდელი უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვანაირად ბავშვი ვერაფერს ისწავლის; ამიტომ ის გამოთქმები, რომ _ ბავშვებს ქცევითი სტერეოტიპები არ უნდა მივცეთ, რადგან სტერეოტიპი ცუდია, _ აზრს მოკლებულია. არასწორია ისიც, რომ სქესი თვითონ უნდა აირჩიოს, როცა გაიზრდება; ამ დროს არც ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული და არც თავისებურებების მექანიზმები.
ჯერ ერთი, ძალიან ბევრმა არ იცის, საერთოდ სტერეოტიპი რა არის; „სტერეოტიპი“ სალანძღავი სიტყვა როდია, ეს არის ფსიქიკის ფუნქცია, ადაპტაცია მოახდინოს გარემოში; თქვენ რომ სტერეოტიპი არ გქონდეთ, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად ყველა კარზე მიგითითოთ, რომ ის _ კარია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრით გაიგებთ, რა არის კარი. სტერეოტიპი არის ეკონომიური მდგომარეობა – ამაზე ინფორმაციას ვფლობ და შესაბამისად ვიქცევი, რადგანაც გარკვეული ცოდნა მაქვს. ვისაც სტერეოტიპები არ აქვს, წარმოიდგინეთ, რომ მას ფსიქიკური დარღვევა აქვს; ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა იკითხოს; ბავშვი თქვენგან ელოდება ქცევის მაგალითს; მაგალითის გარეშე ის ვერ სწავლობს, ანუ კოგნიტური პროცესი მისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს, არ არის საკმარისი ვუმეოროთ – წიგნები იკითხე! ის უნდა ხედავდეს, რომ ჩვენც ვკითხულობთ;
ბავშვს აქვს ფანტაზია, რომელიც გონების განვითარებას ემსახურება და მშობელს კი ის მატყუარა ჰგონია. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, იტყუება თუ ფანტაზიორობს.
მომისმენია ასეთი მოსაზრებაც _ წიგნი რატომ წაიკითხოს, სჯობს ფილმი ნახოს; ფილმს თავისი შეზღუდვა აქვს, ხატები მზა სახითაა მოცემული, წიგნი კი ფანტაზიას, წარმოსახვას ავითარებს; კინოს როლს კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ურთიერთჩანაცვლებითი კომპონენტი არ არის; ანუ, ფილმი არანაირად არ ცვლის წიგნის კითხვას.
გასათვალისწინებელია ასევე გარდატეხის ასაკი (12-14 წელი), სადაც ჩვენ კრიტიკული მომენტი გვაქვს; ოღონდ სამხრეთული ტიპის ქვეყნებში ეს ასაკი შედარებით ნაკლებია; ეს პერიოდი ყველას გავლილი გაქვთ, მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, არავის გახსოვთ როგორ განიცდიდით მას; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არაფერი გაგიკვირდებოდათ. მშობელი ხშირად შფოთავს _ დამჯერი ბავშვი იყო, კარგად წავლობდა და უცებ აურია, აღარაფერს მიჯერებს და აღარც აკეთებს; რატომ ხდება ეს? ადრეულ ასაკში, უკვე გითხარით, ბავშვი ქცევით მოდელებს იღებს და მისთვის ავტორიტეტს მშობელი და მასწავლებელი წარმოადგენენ. ბავშვი ცდილობს, რომ შეაქონ, შეაფასონ მისი ან სწავლა, ან ქცევა. კრიტიკულ ასაკში, როდესაც ჩნდება „მე“-ს განცდა _ ვინ ვარ მე _ მოზარდს თქვენს შეფასებებზე მეტად საკუთარი სტატუსი და თანატოლების შეფასებები აინტერესებს; იწყებს ბრძოლას, რომ ის პიროვნებაა.
გარდა ამისა, ვიცით, რომ კრიტიკული ასაკის თანამდევი პროცესები ჰორმონალური ცვლილებებია. ბავშვი ადვილად აღგზნებადია- მაგალითად, ამ ასაკში გოგონებისთვის გარეგნობა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ხშირია სახეზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და და ესეც ძალიან მოქმედებს მოზარდზე; უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვერ ვესაუბრებით ბავშვს, როგორც პატარას და როგორც მოზრდილს; საპოვნელია ზღვარი, რადგან ამ დროს ძალიან მგრძნობიარენი არიან და ვერც კი გათვლით, რაზე შეიძლება ჰქონდეთ რეაქცია. თქვენთვის უწყინარი სიტყვები მოზარდმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს. ერთი ამბავი მახსენდება: კლასის ჟურნალში, რომელიც ერთ-ერთ გოგონას ებარა, ბავშვებმა რაღაცები ჩაწერეს. დირექტორმა ამ გოგონას მოსთხოვა პასუხი; ისიც იძულებული გახდა ეთქვა, ვინც ჩაწერა; ამის გამო კლასისგან რისხვა დაატყდა თავს – მაბეზღარა ეძახეს და ეს ბავშვი მერვე სართულიდან გადმოხტა; ჩვენთვის, მოზრდილებისთვის, ამ ფაქტის გამო თვითმკვლელობის მცდელობა სასაცილოც კია, მაგრამ ის ბავშვი ამაზე წავიდა, რადგან რთულ ასაკში იყო; ჩვენს სკოლებში კიდევ ერთი პრობლემაა _ ადამიანი სოციალური არსებაა და კარგად ვერ ვიაზრებთ ხოლმე, რა არის თავისუფლება; ხშირად თავისუფლება ინსტინქტებისაგან გათავისუფლება გვგონია_ ანუ არ მაქვს შეზღუდვები, არაფრის არ მრცხვენია და ვარ უკომპლექსო; ამ ლოგიკით, თუ ადამიანს რაღაცის მოერიდა, შერცხვა, გამოდის, რომ დაკომპლექსებულია. რაც უფრო უკომპლექსო ვარ, ვბილწსიტყვაობ და „ვხულიგნობ“, მით უფრო „კაი ტიპი“ ვარ. არადა, რეალობაში ასე არ არის; ადამიანი სოციალური არსებაა და დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გადის სოციალიზაციის ეტაპს, რაც ნიშნავს სოციალური ნორმების გაშინაგანებას; ჩვენთან ყველაფერი მოშლილია და თუ კარგ ადამიანს წააწყდებით, ჩათვალეთ, რომ სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა ოჯახის დამსახურებაა, რადგან არც ერთი სხვა ინსტიტუცია მასზე არ მუშაობს. ხოლო როდესაც ნორმების ფორმირება არც ერთი ინსტიტუტის მიერ არ ხდება და ოჯახშიც, ხშირ შემთხვევაში, მშობლების მოუცლელობის გამო ამაზე არ ფიქრობენ, როგორც წესი, მყარდება ბუნებრივი იერარქია. ეს ყველაზე ველური ფორმით სტატუსების დაწყობას გულისხმობს. ყველაზე ველურ გარემოში, ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს ყოფნისას, ყალიბდება რაღაც ტიპის იერარქია. ასეთ გარემოში იმარჯვებს ძლიერი, შემტევი, თავხედი, ანუ ველური პრინციპი მუშაობს; ამიტომ არის, რომ თუ ინსტიტუციურად რაღაც სისტემა არ აწესრიგებს ღირებულებებს, მაშინ გადავალთ ძალადობაზე. ასეა ხოლმე სკოლაშიც; მოძალადის გარშემო ხშირად იკრიბებიან ბავშვები, რადგან მასთან სიახლოვის გამო მსხვერპლად ყოფნის ნაკლები შანსი აქვთ. ამ პერიოდში შესაძლებელია ბევრი შეცდომა დაუშვას მოზარდმაც და მისმა მშობელმაც. გარდატეხის ასაკი პროტესტის, ექსპერიმენტების პერიოდია, ამიტომ ეს სპეციფიკა გასათვალისწინებელია და ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო.
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე.