სიახლეები, სტატიები

„გარდატეხის ასაკის თავისებურებები“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

აქამდე ითვლებოდა, რომ ეს პერიოდი 10-დან 16 წლამდე ასაკს მოიცავს, მაგრამ დღესდღეობით გარდატეხის ასაკის ათვლას 9 წლიდან იწყებენ. თუმცა, მაინც ინდივიდზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურია მასში შრომისმოყვარეობა და არასრულფასოვნების განცდა. სკოლა შეფასებითი გარემოა, იქ წერენ ნიშნებს, რათა წაახალისონ მოსწავლის შრომა. ხანდახან ბავშვის მიმართ დამოკიდებულება არაჯანსაღად კრიტიკულია, გნებავთ მშობლის და გნებავთ მასწავლებლის მხრიდან. ამას ხსნიან იმ არგუმენტით, რომ კრიტიკულობა შექებაზე მეტად სასარგებლოა მოზარდისათვის. მე ვარ ის თაობა, რომლის მშობლებს მიაჩნდათ, რომ შვილი არ უნდა შეაქო.

ის სხვამ უნდა შეაქოს. არის ასეთი ცნობილი ხალხური გამოთქმა,  „შვილს ვინც გიქებს მტერია და ვინც გიძაგებს შენია“. რეალურად კი ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, როდესაც შენი შვილის დადებით თვისებებზე, საქციელზე არ ამახვილებ ყურადღებას.  რა თქმა უნდა, კრიტიკაც მნიშვნელოვანია, ბავშვმა უნდა იცოდეს „არა“-ს მნიშვნელობა, ოღონდ ეს უნდა იყოს შეთანხმებული.

 

მაგალითად, მივდივართ სუპერმარკეტში და ბავშვს უნდა კანფეტი, შოკოლადი და სათამაშო, მე კი კონკრეტული თანხა მაქვს, რომელიც ამ სამიდან მხოლოდ ერთს თუ გაწვდება.  ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მდგომარეობა და მივცეთ არჩევანის საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რომელი უნდა ყველაზე მეტად. ის აუცილებლად გააკეთებს არჩევანს. ბავშვისთვის არ უნდა იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი, არ უნდა ვაცხოვროთ არარეალურ განცდებში. შეუძლებელია, მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ  მას ვატყუებთ, ვაჩვევთ სხვა რეალობას და როდესაც ის სხვა გარემოში, სულ სხვა რეალობას შეეჩეხება, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება. 

არის ერთი საკითხი: ძალიან ნეგატიურად აღიქმება ბავშვის მხრიდან, როდესაც მისი შეფასებისას მის უნარებს და შესაძლებლობებს ვადარებთ სხვას, მაგალითად _ მის დედმამიშვილს, კლასელს, მეზობელს. «შენი და რა გადასარევი გოგოა და შენ რა გჭირს, რატომ ვერ სწავლობ»; ან, «როგორი ყოჩაღი და ჭკვიანია შენი კლასელი და მიბაძე მას, მაინც და მაინც ცუდ კლასელებს რომ ბაძავ». ეს ძალიან სახიფათო დამოკიდებულებებია, იწვევს აგრესიას ამ ბავშვში, ზიანდება მისი ფსიქიკა.  ასეთი შედარება მას არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ მასში ვბადებთ შურს. ერთადერთი, თუკი, მაინც და მაინც, ვინმეს უნდა შევადაროთ, მხოლოდ საკუთარ თავს! ამით ვეუბნებით, რომ თუკი გუშინ კარგად შეასრულა დავალება, დღესაც მაქვს მისი იმედი, რადგან მას ამის რესურსი აქვს! 

გარდატეხის ასაკი – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა. ამ დროს მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან.  გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება, ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება თვითგამორკვევა – ვინ ვარ მე. მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს. 

 იდენტობა იკვეთება ყველაფერში – ვარცხნილობაში, მეტყველებაში, დამოკიდებულებებში. მოზარდი იწყებს მისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სად გრძნობს ის თავს კომფორტულად? სადაც ის მოსწონთ, აღიარებენ, სადაც მისი ესმით. ამ დროს იწყება მშობლების მიერ „თავსმოხვეული“ ღირებულებების ნგრევა, ამით მოზარდი „სჯის“ მშობელს. 

შესაძლოა, ბავშვი აცნობიერებს კიდეც, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ის რისკზე მიდის. ყველაზე მეტად ეს პროცესი მოსწონს, როგორ გამოუვა, როგორ შეძლებს, ყველაფერი დაანგრიოს, ყველას და ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. ცხადია, ეს სოციალიზაციის პროცესი, მარტო აქ, გარდატეხის პერიოდში არ მთავრდება, ის ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ოღონდ შედარებით უფრო სტაბილურად. 

ოჯახური კონფლიქტებიც უწყობს ხელს მოზარდის პროტესტს. ხშირად, ბავშვები თავიანთი საქციელით გამიზნულად სჯიან მშობლებს – როგორც თქვენ მომექეცით, რასაც ეს წლები მაყურებინეთ, მეც იგივეს გაგიკეთებთ…  და უერთდება იმ დაჯგუფებას, სადაც მას უგებენ, უსმენენ.  ჰგონია, რომ ზუსტად იქ არის მისი ადგილი და  არსად სხვაგან. 

 ამ დროს მშობლების შიში, რომ მოზარდი არ მოხვდეს ცუდ გარემოში, უსაფუძვლო სულაც არაა. საფრთხე მართლაც დიდია. ამ პერიოდში ამბობენ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია მშობლის ნებისყოფა, ვიდრე კონკრეტული რჩევები მშობლის მხრიდან. თუ მისი მეთოდები ხისტი და ნეგატიურია, მაშინ მოზარდშიც მძაფრდება გაქცევის სურვილი.  

 

აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელი და საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

 

Related Posts