სიახლეები, სტატიები

„ემოციური და სოციალური ინტელექტის მნიშვნელობა ბავშვებში“

ჯონ მალიანო

ქვემოთ მოცემულია ხუთი გზა, რომლითაც ამ უნარების განვითარება შეგიძლიათ.

წარმოიდგინეთ, რომ 4 წლის ხართ. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ახლა შეჭამოთ ერთი ზეფირი, რომელიც გაქვთ, თუ მოითმინოთ და მოგვიანებით ორი ზეფირი მიიღოთ. რას გააკეთებდით?

აწ უკვე ცნობილ კვლევათა სერიაში, უოლტერ მიშელმა და კოლეგებმა (Mischel, Ebbesen & Zeiss, 1972; Mischel, Shoda, & Peake, 1988) სკოლამდელი ასაკისა და სკოლის ასაკის ბავშვებს სთხოვეს, ზემოთ აღწერილ ორ შესაძლებლობას შორის არჩევანი გაეკეთებინათ. ამ კვლევამ გვასწავლა, რომ ბავშვები, რომელთაც ზეფირის ჭამისგან თავშეკავება შეუძლიათ იმისათვის, რომ უფრო დიდი ჯილდო მიიღონ, გაცილებით წარმატებულები არიან კარიერულად, რასაც ათწლეულების მანძილზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს.

ჯილდოს გადავადებისა და ემოციების მართვის უნარი სოციალური და ემოციური ინტელექტის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია. სამყაროში, რომელშიც აკადემიური უნარებია პრიორიტეტული, შესაძლოა, მშობლები ხშირად შესაბამის მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ემოციური და სოციალური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვას. თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს, სოციალური და ემოციური ინტელექტის განვითარებულობა აკადემიური და სოციალური წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია.

რომელი ძირითადი უნარებისგან შედგება სოციალური და ემოციური ინტელექტი?

აკადემიური, სოციალური და ემოციური სწავლების თანამშრომლობამ დაასახელა ხუთი ძირითადი უნარი, რომელიც სოციალური და ემოციური ინტელექტის ძირითად უნარებად ითვლება:

  • თვითგაცნობიერება საკუთარ ემოციებს, აზრებსა და ქცევებს შორის კავშირების ცნობის, დასახელებისა და გაგების უნარია.
  • საკუთარი თავის მართვის უნარი ემოციების, აზრებისა და ქცევების მართვის უნარია.
  • სოციალური სიტუაციისა და კავშირების წვდომის უნარი სხვების ხედვის გაზიარებისა და ემპათიის გამოვლენის უნარია.
  • ურთიერთობის უნარები ჯანმრთელი ურთიერთობების დაწყებისა და შენარჩუნების უნარებს მოიცავს.
  • პასუხისმგებლობაზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების უნარი საკუთარი თავისა და სხვების საკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიღების უნარია.

რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური ინტელექტის უნარები?

ადრეულ ასაკში სოციალური და ემოციური უნარების განვითარება უკავშირდება იმას, თუ რამდენად დავხელოვნდებით სოციალური, ემოციური, აკადემიური და პროფესიული უნარების გამოყენებაში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობის ასაკში სოციალური და ემოციური ინტელექტი კარგად გვაქვს განვითარებული, დაახლოებით, 25 წლის ასაკისათვის მნიშვნელოვან, დადებით შედეგებს ვიღებთ (Jones, Greenberg, & Crowley, 2015). ეს შედეგები მოიცავს შემდეგს:

  • აკადემიური წარმატება – მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დასრულება.
  • კარიერული წარმატება, როგორიცაა დასაქმების გაზრდილი შანსი.
  • სხვა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული შედეგები, როგორიცაა, მაგალითად, ნაკლები პრობლემა სამართალდამცავ უწყებებთან.

განვითარებული სოციალური და ემოციური ინტელექტი ბავშვებს დაბრკოლებებთან გამკლავებაში და საჭიროებისამებრ დახმარების თხოვნაში ეხმარება.

მთავარი ისაა, რომ სოციალური და ემოციური უნარების გამოყენებაში დახელოვნება შესაძლებელია. ეს ვარაუდი დადასტურდა დიდი კვლევით, რომელიც 270 034 ბავშვზე დაკვირვებას მოიცავდა და მათ საბავშვო ბაღიდან სკოლის დასრულებამდე აკვირდებოდნენ (Durlak et al., 2011). ამ კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური და ემოციური ინტელექტის განმავითარებელი პროგრამები არა მხოლოდ, უშუალოდ, ამ უნარებს აუმჯობესებდა, არამედ ზრდიდა სკოლისადმი დადებით განწყობას, სოციალურად მისაღები ქცევის გამოვლენის სიხშირეს და აუმჯობესებდა აკადემიურ მიღწევებს. ეს პროგრამები ამცირებდა ბავშვის უსიამოვნებებში გახვევის ალბათობას და ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების ჩამოყალიბების ალბათობას.

ხუთი სტრატეგია სოციალური და ემოციური უნარების განსავითარებლად

  1. იყავით ისეთი ადამიანი, რომლისგანაც ბავშვი ემოციებთან დაკავშირებით დადებით განწყობებს ისწავლის – ბავშვები იმ ადამიანებს ბაძავენ, ვისაც აღმერთებენ. ასეთი ადამიანები არიან მშობლები და მასწავლებლები. იმ შემთხვევაში, თუ მზრუნველი პირები ბავშვის წინაშე ემოციებთან გამკლავებისა და მართვის მრავალფეროვან სტრატეგიებს წარადგენენ, ბავშვები მსგავს სიტუაციებთან გამკლავების შესატყვის გზებს სწავლობენ.
  2. იყავით „ემოციების მწვრთნელი.“ აღიარეთ ბავშვების ემოციები და ისაუბრეთ მათზე. ბავშვებს ეხმარება ემოციების დასახელება, ემოციებთან გამკლავების გზების სწავლება და მათი მისაღები ფორმით გამოხატვა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ჰყავს „ემოციების მწვრთნელი,“ ის უკეთ მართავს თავის ემოციებს და ნაკლებად ავლენს მიუღებელ ქცევებს (Dusnmore, Booker, & Ollendick, 2013; Gottman, Katz, & Hooven, 1996).
  3. წაუკითხეთ ბავშვს ემოციური და სოციალური ინტელექტის განმავითარებელი წიგნები – წიგნების კითხვას სოციალურ გარემოებებთან და ემოციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წახალისება შეუძლია. მაგალითად, შეგიძლიათ, ერთად განიხილოთ თანაცხოვრების, თანამშრომლობის და სხვა, სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებული კითხვები. ემოციებთან დაახლოებაში ბავშვებს ემოციების დასახელების სწავლება ეხმარება (Brownell, et al., 2013).
  4. მიეცით არჩევის საშუალება. ბავშვებისთვის დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთების საშუალების უზრუნველყოფა სოციალური და ემოციური ინტელექტის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვსა და მშობელს შორის პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ურთიერთობა ბავშვს ასწავლის მშობელთან წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას, რაც შემდეგში ბავშვს სოციალურ უნარებს უვითარებს და თანატოლებთან ურთიერთობებში ინდივიდის აღიარებას უწყობს ხელს (Matte-Gagné, Harvey, & Stack, 2015).
  5. გამოიყენეთ დისციპლინის უზრუნველყოფის დადებითი სტრატეგიები – ქცევის წესებისა და მოლოდინების განსაზღვრა, ქცევის შედეგების შესახებ ბავშვის გაფრთხილება, სასურველი ქცევის წახალისება და არასასურველი ქცევის იგნორირება სოციალური და ემოციური ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს (LaRosa, Ogg, Suldo, & Dedrick, 2016). როდესაც ბავშვი დამაზიანებელ ქმედებას განახორციელებს, განიხილეთ ქმედების შესაძლო შედეგები მათთან ერთად. ეს მათ საშუალებას მისცემს, გაიაზრონ, როგორ მოქმედებს მათი ქცევა სხვებზე (Eisenberg, VanSchyndel & Hofer, 2015).

ამ სტრატეგიებს ერთი საერთო აქვთ: ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სოციალური და ემოციური ინტელექტის შემადგენელი უნარების განვითარების შესაძლებლობა ისევე, როგორც მათ კითხვის და მათემატიკური უნარების განვითარების შესაძლებლობა სჭირდებათ.

ამ უნარების განვითარებისთვის გაღებული ძალისხმევა, მოგვიანებით, ბავშვების აკადემიური წარმატებების, ჯანმრთელი პიროვნებათშორის ურთიერთობების და სხვა კეთილდღეობების სახით გვიბრუნდება.

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

წყარო: https://bit.ly/2SSB8eW

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts