სიახლეები, სტატიები

„სიყვარულის კოეფიციენტი – ჯეკ მა განათლების შესახებ“

  • OECD კონფერენციაზე, ალიბაბას ყოფილმა ხელმძღვანელმა − ჯეკ მამ აღნიშნა, რომ მოსწავლეებს წარმატების მიღწევისთვის სამი Q დასჭირდებათ: ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი (EQ), სიყვარულის კოეფიციენტი (LQ).
  • განათლების რეფორმის მისი ხედვა გულისხმობს იმას, რომ მეტი ძალისხმევა და ხარჯი გავიღოთ ადრეული ბავშვობის ასაკში უნარების განვითარებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ნაკლები − უნივერსიტეტებისთვის.

ჯეკ მა, რომელმაც ჩინეთის ინტერნეტ კომერციის გიგანტში მუშაობა გასული წლის სექტემბერში შეწყვიტა იმისათვის, რომ განათლების სისტემისთვის დაეთმო დრო, აღნიშნავს, რომ განათლება „ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია.“ მისი მთავარი საზრუნავი: მსოფლიო სწრაფად იცვლება, ხოლო განათლება – არა.

მართალია, უცნაურია, თუმცა, მისი ფორმულა არა სასწავლო გეგმებს ან ანგარიშვალდებულებას ეხება, არამედ სიყვარულის უნარს.

„თუ გსურთ წარმატებული იყოთ, თქვენ ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შეძლოთ,“ აღნიშნა მან OECD კონფერენციაზე იანვარში და ემოციური ინტელექტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „იმისათვის, რომ სწრაფად არ წააგოთ, მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი გჭირდებათ,“  „თუმცა, თუ თქვენ გინდათ, პატივს გცემდნენ, მაშინ თქვენ სიყვარულის კოეფიციენტი გჭირდებათ,“ დაასკვნა მან. „თავის ტვინის შეცვლა მანქანებს შეუძლიათ, თუმცა, გულს ისინი ვერასდროს შეცვლიან.“

თუ ეს ყველაფერი დრომოჭმულად გეჩვენებათ, შეგვიძლია, პარიზში გამართული კონფერენციის დღის თემა გავიხსენოთ, სადაც OECD – მ, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული, 15 წლის ასაკის მოზარდების ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა და განიხილა, როგორ შეიძლება განათლების სისტემები „გამოცდების ქარხნებად“ ქცევის ნაცვლად ისეთი მიდგომებით შეიცვალოს, რომლის დახმარებითაც ბავშვები არამხოლოდ შინაარსს აითვისებენ, არამედ გათვითცნობიერების, ემპათიის, ჯგუფთან მუშაობისა და საქმიანობის წარმართვის უნარებს განივითარებენ.

ანდრეას შლაიხერი − OECD – ის განათლების ნაწილის რეფორმებზე ორიენტირებული ხელმძღვანელი − აღიარებს მას „რადიკალური“ მიდგომის სისწორეს. განმანათლებლები ხშირად მსჯელობენ ჰოლისტური რეფორმის აუცილებლობაზე, თუმცა, ბიზნეს ლიდერები უპირატესად მომავალი მუშაკების აღზრდაზე ფიქრობენ (ვიდრე ზრდასრული ადამიანების აღზრდაზე). შლაიხერი ამბობს, რომ მას ძირითადი შეტყობინება შეგვიძლია, შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ დიდი ძალისხმევა მივუძღვენით იმაზე ფიქრს, როგორ გვეკვება ადამიანები – ანუ, განათლებაზე, რომელსაც ისინი იღებენ – მაგრამ არასაკმარის ძალისხმევას იმაზე ფიქრს ვუთმობდით, რით გამოკვეკვება ისინი.

მა აღნიშნავს, რომ მომავალში ყველაფერი უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ მათ მიზანშეწონილობაზე: მასწავლებლები, საკლასო ოთახები და მოსწავლეები. გაკვეთილებს აღარ დაეთმობა უწყვეტი 40 წუთი, მასწავლებლები არ იქნებიან ერთადერთი, რომელთაც ყველაფერი ეცოდინებათ და განმანათლებლები სწორი კითხვების დასმის მნიშვნელობას გაუსვამენ ხაზს და არა მხოლოდ სწორი პასუხების მიღების მიზნით. „თუ მხოლოდ სტანდარტიზაციაა მიზანი, ყველაფრის რობოტებით შეცვლაც შეიძლება.“ − აღნიშნა მამ.

ბევრი განმანათლებელი ამ მიდგომას წინააღმდეგობრივად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ცოდნის მნიშვნელობის გაუფასურება არ შეიძლება, რადგან სკოლები უნდა შეესაბამებოდნენ მაღალ აკადემიურ მოთხოვნებს.

მა საკუთარ თავს „მოყვარულ“ განმანათლებელს უწოდებს. თუმცა, მას გამოცდილება არ აკლია: მან რამდენჯერმე ვერ შეძლო უნივერსიტეტის გამოცდების ჩაბარება და პედაგოგიკის სწავლა დაიწყო. ის ამბობს, რომ მაშინ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ აბარებდნენ, მასწავლებლები ხდებოდნენ.

მა ამბობს, რომ სწავლების დროს მიღებული გამოცდილება მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გამოიყენა. ის „განათლების მთავარი ოფიცრის“ საქმიანობასაც ითავსებდა ალიბაბაში. „ყველაფერი, რაც ვიცი, მასწავლებლობისგან ვისწავლე,“ თქვა მან. „იყავით შთაგონების წყარო მოსწავლეებისთვის. ენდეთ მოსწავლეებს. გჯეროდეთ მათი. მიეცით მათ განვითარების შესაძლებლობები.“

მას ფორმულა სკოლების გაუმჯობესებისთვის

მამ გააჟღერა რამდენიმე იდეა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გამოსწორდეს. ის განათლების სისტემას სთავაზობს, მეტი ძალისხმევა და ხარჯი გაიღონ ადრეული ბავშვობის ასაკის ბავშვებისათვის, როდესაც ბავშვებში უნარების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება იწყება და არა იმ ეტაპისთვის, როდესაც ღირებულებები უკვე ჩამოყალიბებულია.

„გთხოვთ, მეტი რესურსი გაიღოთ დასაწყისისთვის და არა დასასრულისთვის,“ თქვა მან და აღნიშნა, რომ ბაღებსა და დაწყებითი განათლების მიმწოდებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს განუზომლად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესზე. ის მხარს უჭერს მასწავლებლების მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებასაც. ის ამბობს, რომ „თუ პატივს ვცემთ მასწავლებელს, პატივს ვცემთ ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მომავალსაც.“ გაზარდეთ მასწავლებლის ანაზღაურება და დაეხმარეთ სკოლის დირექტორებს ლიდერთა ტრენინგებით, რადგან მასწავლებელთა 60% მასწავლებლობას იმიტომ წყვეტს, რომ სკოლის დირექტორები არ მოსწონთ.

ის აღნიშნავს, რომ განათლებამ უნდა შეცვალოს მიღწევის შეფასების მთავარი გზა – გამოცდა. ის ყოველთვის ეკითხება თავის მოსწავლეებს, რატომ ემზადებიან ასეთი გულმოდგინებით გამოცდებისთვის. მოსწავლეები კი ყოველთვის პასუხობენ, რომ ისინი უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის და სამსახურის პოვნისთვის ამზადებენ საგამოცდო მასალას ასე გულდასმით. თუმცა, როგორც მა აღნიშნავს, ალიბაბაში დასაქმებულ თანამშრომლებს, რომლებმაც უნივერსიტეტი დაამთავრეს, დამატებით ტრენინგები სჭირდებათ.

„უნივერსიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ სამსახური აუცილებლად გექნება,“ აღნიშნავს ჯეკ მა და დასძენს, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ასაქმებს არა იმიტომ, რომ ისინი ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მზად არიან, მთელი ცხოვრების მანძილზე ისწავლონ. ერთ – ერთ გონებამახვილ შენიშვნაში მან თქვა, რომ აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი სხვა არაფერია, თუ არა „სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“

ჯეკ მა თანამედროვეობას წარუმატებლობისადმი მედეგობისაკენ მოწოდებით გამოეხმაურა. „ადამიანები ვალდებულები არ არიან, გეხმარებოდნენ. თქვენ უნდა ისწავლოთ უარყოფასა და უართან გამკლავება და თანაცხოვრება.“ მართლაც, ის ათჯერ არ მიიღეს ჰარვარდში.

ბოლოს, მან აღნიშნა, რომ განათლება უფრო ყოვლისმომცველი და ჯგუფში მუშაობის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს. (ჩინეთს, ამ მხრივ, საკმაოდ არასასურველი შედეგები ჰქონდა: ის წარმატებული იყო ინდივიდზე ორიენტირებულ სპორტის სახეობებში, მაგრამ არა – ჯგუფზე ორიენტირებულ სპორტის სახეობებში). ამ შედეგების გაუმჯობესების გზა ხელოვნების, ცეკვის და ჯგუფზე ორიენტირებული სპორტული სახეობების სწავლებაა. მან დააფუძნა სკოლა, სადაც არ არის სკოლის შემდგომი სწავლება, თუმცა, ითვალისწინებს სკოლის შემდგომ სპორტში ჩართულობას.

თუ წარსულ საუკუნეში ადამიანები თავს გამტანობით იმკვიდრებდნენ, ამ საუკუნეში მათ თვითდამკვიდრებისთვის სიბრძნე დასჭირდებათ. როგორც თავად ის ამბობს: „გასულ საუკუნეში ჩვენ თავი მხოლოდ ჩვენს თავზე ზრუნვით დავიმკვიდრეთ, ხოლო ამ საუკუნეში სხვებზე ზრუნვით ვიპოვით ჩვენს ადგილს.“

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

წყარო: https://bit.ly/2SOLX1x

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts