ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მართვა, გვეხმარება გავიგოთ და გავითვალისწინოთ სხვების ემოციური მდგომარეობა და პოზიტიური ემოციური ზემოქმედება მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე – ვმართოთ სხვისი ემოციური მდგომარეობა. ამ უნარების განვითარება კი ყველაზე მეტად ოჯახსა და სკოლაში ხდება. ორივე გარემო ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია სოციალიზაციის მიმართულებით, ვიდრე კითხვის, წერის და არითმეტიკული გამოთვლების უნარების განვითარებისთვის. მშობლების მხრიდან ხშირად ისმის კითხვა: „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების მართვა?,“ „როგორ დავიცვა ბავშვი ძალადობის მსხვერპლობისგან ან მოძალადეობრივი ქცევის ჩადენისგან?“ როცა ვხედავთ, რომ ბავშვი რაიმე ემოციას განიცდის, რომელიც ყოველთვის გამოიხატება ქცევით, მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან კონკრეტული ემოციის გაჟღერება, რაც, ერთი მხრივ, ბავშვს აძლევს განცდას, რომ მას გაუგეს და, მეორე მხრივ, ის სწავლობს მისი შინაგანი ემოციური მდგომარეობების სახელდებას. ეს ეხმარება მოზარდს, სხვა შემთხვევაში, მსგავს ემოციურ მდგომარეობას დაარქვას შესაბამისი სახელი – რაც თავისთავად შეამცირებს ამ ემოციის სიმძლავრეს და დაეხმარება მას ემოციების მისაღები ფორმით გამოხატვაში. ემოციური თვითცნობიერების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაგებისა და თანაგრძნობის უნარის განვითარება. ამისთვის, საჭიროა მშობელმა (ან სხვა მიჯაჭვულობის ობიექტმა – ბავშვისთვის მნიშვნელოვანმა სხვა ზრდასრულმა) ბავშვს გაუზიაროს საკუთარი ემოციური მდგომარეობები, სიტყვიერად გამოხატოს, აჩვენოს მაგალითი, რომ ვერბალურად გამოხატული ემოციური მდგომარეობა უფრო გასაგები შეიძლება იყოს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ, თუ მშობელს უნდა რომ დაეხმაროს შვილს ემოციური ინტელექტის კომპეტენციების განვითარებაში, აუცილებელია საკუთარ თავზეც იმუშაოს ამ მიმართულებით.
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მშობელმა თანაგრძნობით დაუბრუნოს ბავშვს ის ემოცია, რასაც ის განიცდის და, მეორეს მხრივ, გაუზიაროს საკუთარი ემოციური მდგომარეობა, რათა ბავშვმა დაინახოს თანაგრძნობა და ამავდროულად ის, რომ სხვა ადამიანს შესაძლოა იმავე სიტუაციაში განსხვავებული ემოცია ჰქონდეს, გასაგები იყოს მისთვის, რომელია თავისი და რომელია – სხვისი ემოცია (რათა ემპათიის დროს მოხდეს იდენტიფიცირება რომელია „ჩემი“ და რომელია „დედის“ ემოცია). მშობლისგან გაზიარებული განსხვავებული ემოცია კი შესაძლოა გამაძლიერებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. მაგალითად, ბავშვს რომ ბუშტის გახეთქვის შეეშინდა, როგორც არც ისაა კარგი, დედასაც მასთან ერთად შეეშინდეს და ყვირილით გამოხატოს შიში, ასევე არც ბავშვის იმჟამინდელი ემოციების უგულებელყოფა და სიხარულის და მხიარულების გამომხატველი შეძახილებია დამხმარე, არამედ, აუცილებელია გავაჟღეროთ ბავშვის ემოცია, რომ მას შეეშინდა/ეტკინა და შემდეგ მივაწოდოთ გამაძლიერებელი ემოცია. მაგალითად, როგორი ყოჩაღია რომ ამას გაუმკლავდა, აქვე იგრძნოს დედის სიძლიერე არსებული სიტუაციის მიმართ, რათა ბავშვმა სიტუაცია აღიქვას უსაფრთხოდ.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე