ბლოგები, სიახლეები

„როგორ ველაპარაკოთ შვილებს?“ – გურამ მეგრელიშვილი

მშობლები ბევრს ვფიქრობთ, როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია.

მიგვაჩნია, რომ დისციპლინა (ხშირად მკაცრი დისციპლინა) აუცილებელია, ჩვენს შვილებს კი ასეთი ხისტი მიდგომა არ სიამოვნებთ და აქვთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ახლა ჩვენში იწვევს აგრესიას და ხდება კონფლიქტი, ან უარესი (შეცდომით არ ვწერ, რადგან ასეც მიმაჩნია) – შვილის პიროვნების დათრგუნვა ხდება.

რა უფრო მნიშვნელოვანია? რას ვეუბნებით ბავშვებს, თუ როგორ ვეუბნებით, რა სიტყვებით, რა ფორმით და როგორი სხეულის ენით?

მშობლისთვის რთულია ხოლმე საკუთარი ქცევის ობიექტურად შეფასება, ასეთი შემფასებელი კი, ჩვენ ირგვლივ შეიძლება არც არავინ მოიძებნებოდეს. პედაგოგს (იმედი მაქვს) სკოლა ამოწმებს, სკოლას – სამინისტრო (აქაც ვიმედოვნებ), სამინისტროს კი – ჩვენ. ვინ აფასებს მშობელს? კარგ შემთხვევაში მეორე მშობელი, რომელიც, ხშირად ასევე სუბიექტურია.

ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან ავტორიტეტული ადამიანების მხრიდან მათ შეფასებაზე, განიცდიან როდესაც არ გვჯერა მათი შესაძლებლობების და უხარიათ გამხნევება, მაგრამ ჩვენ, მშობლები, ხშირად ამ ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს ერთმანეთში ვურევთ და ვურევთ ძალიან ცუდად.

მოსწავლეებთან და შვილებთან ვცდილობ რამდენიმე ოქროს ფორმულა ჩვევად ვაქციო. სხვის შვილებთან კარგად გამომდის, საკუთართან – ძნელად, მაგრამ რაკი მასწავლებლობაც და მშობლობაც ერთი გრძელი, დაუსრულებელი გზაა საკუთარი, პიროვნული ზრდისკენ, ცდას არ ვაკლებ და მინდა ეს რჩევები თქვენც გაგიზიაროთ.

თურმე ბავშვები ინდივიდუალურად აღიქვამენ ხმის ტონალობას. ის, რაც ერთისთვის უბრალოდ ენერგიულად ნათქვამია, მეორესთვის ცოტა მკაცრი ტონია, მესამესთვის კი უბრალოდ შეურაცხმყოფელი მიმართვა. შვილთან თითქოს მარტივია, რაღაც ერთს შეურჩევ, ჯგუფთან რთულია – ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველას, მე პირველი უფრო მიჭირს, რადგან ყოველთვის მძლევს ხოლმე ემოცია და იმ ქირურგს ვგავარ, ოპერაციის საყვარელი ადამიანისთვის გაკეთებისას ხელი რომ უკანკალებს.

ერთი, რაც მოსწავლეებთანაც და შვილებთანაც ასი პროცენტით ამართლებს, სამართლიანობაა. სამართლიანი მენტორის შენიშვნა, მასწავლებელია იგი თუ მამა, მიუღებელი არაა ბავშვისთვის რაგინდ მწარე სიმართლე უთხრას მას. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც მობილური ტელეფონის მავნებლობაზე ველაპარაკები და თან ეკრანს თავაუღებლივ „ვსქროლავ“, არ ვარ სამართლიანი და სანდო კაცი და ამას, შეიძლება სიტყვით ვერ ხსნიდეს, მაგრამ ბავშვური გულისგონებით აუცილებლად ხვდება.

მეორე და მნიშვნელოვანი შენიშვნის მიცემის კულტურაა. ხშირად, ჩვენ გვავიწყდება ცხოვრების ყველა რთული ამბავი, მაგრამ ვერასოდეს ვივიწყებთ შენიშვნას, რომელიც უსამართლოდ მივიღეთ. ბავშვები შენიშვნების მიმართ მგრძნობიარეები არიან, უფროსებთან შედარებით და ზოგადად, მეჩვენება, რომ ადამიანებს არც ერთ ასაკში მოგვწონს შენიშვნა, განსაკუთრებით, როცა ის დაუმსახურებელი გვგონია.

როდესაც ორი ადამიანი კონკრეტულ საკითხზე თანხმდება და პირობის შეცვლის შემდეგ, ერთი დასაბუთებულად მიიღებს შენიშვნას მეორისგან, ეს გაცილებით ადვილი გადასატანია, ვიდრე გაუგებარი შენიშვნები, რომელსაც გუნება-განწყობისამებრ და არა პრინციპებიდან გამომდინარე ვაძლევთ ხოლმე შვილებს.

„რვეულს თავზე გადაგახევ, მერამდენედ უნდა დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა?!“ როგორი მოსასმენია? მოდი, ვითომ შევარბილოთ და ასე ვთქვათ: „მგონი უნიჭო ხარ ამ საქმეში, ვერ იგებ, არადა მესამედ გიხსნი!“ – ან კიდევ უფრო გავამარტივოთ: „ვერ იგებ ამ ამოცანას?“

თითქოს მესამე ვარიანტი ყველაზე მსუბუქია, ამ დროს სამივე ჩანასახშივე მცდარია, რადგან არ ვიცით რატომ ვერ ართმევს ბავშვი თავს ამოცანას.

მე ვკითხავდი ასე: „ხომ არ დაიღალე? გინდა ცოტა დაისვენე, ეს ამოცანა შენთვის რა მარტივია, ხომ იცი?“

კომუნიკაციის პოზიტიური მიმართულებით წარმართვამ შეიძლება მამა-შვილს, მასწავლებელ-მოსწავლეს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეცვალოს და შეცვალოს კარგისკენ, რადგან საითაც ქარი ქრის, იალქნიანი ნავიც იქეთ უკეთესად მიცურავს.

მე ვცდილობ ყველა, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე და შვილებიც წახალისების მეთოდით აღვზარდო და დასჯა მხოლოდ არწახალისება და არშექება იყოს ხოლმე.

როდესაც ბავშვს გრძელ, მორალისტურ ტექსტს ვუკითხავთ „რა არის კარგი და რა ცუდი“ თურმე ჩანასახშივე წყალში გადაყრილი შრომაა, რადგან თუ გვეპასუხებიან, კომუნიკაცია არ დგება და კამათში გადადის დიალოგი, თუ არ გვეპასუხებიან და თავდახრილი გვისმენენ, მთლად უარესია – რადგან ემოცია რჩება ადამიანში და იწყებს ნეგატიურად მუშაობას, შიგნიდან ნგრევას და ურთიერთობების ნგრევას და თანაც, ბავშვს „შემაგონებელი“ (მე ვიტყოდი: შემაღონებელიც) დარიგებებისგან 30 წამზე მეტი არ ამახსოვრდება, ეს კი 2-3 ცალი მოკლე წინადადებაა, რომელიც ხმის აწევისა და შორი გზით შემოვლის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა. თან საინტერესოა ისიც, რომ ამ 30 წამიდან, ბავშვმა შესაძლოა სულაც ისეთი 2 წინადადება დაიმახსოვროს, მთავარ სათქმელთან რომ არაფერ შუაშია და მთელი შრომა წყალში გვექნება ჩაყრილი.

მე ვცდილობ ხოლმე (როცა გამომდის და როგორც გამომდის) მოკლე წინადადებებით, სავარაუდო პასუხებით „კი, არა“ ვუთხრა შვილს რატომ ვაფასებ მის ამა-თუ-იმ ქცევას ისე, როგორც ვაფასებ და ვუხსნი ჩემი ლოგიკის ლოგიკურობასაც.

ბავშვები ძალიან მიმღებლები არიან სამართლიანი შენიშვნების მიმართ. იმ წუთას რომც არ დაგვეთანხმონ (ან რატომ უნდა დაგვეთანხმონ ყოველთვის?), რამდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ, აუცილებლად მიხვდებიან რა ვუთხარით, რადგან სიყვარულით სავსე ტონი, მშვიდი მზერა და მზრუნველი ხელის გადასმა თავზე, ყველაზე გრძელ და ბრძნულ წინადადებაზე უკეთესია.

მამაჩემმა იცის ხოლმე თქმა: ადამიანები არასოდეს უკვირდებიან რა საიდუმლოებებს ლაპარაკობენ ბავშვებთან და პირად მძღოლებთან, რადგან ერთიც და მეორეც გაფუჭებულ ტელევიზორზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ჰგონიათო.

ბავშვები კი ღრუბელივით იწოვენ უფროსების ნალაპარაკევს, განსაკუთრებით ოჯახში ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას და წინადადებას, შეფასებას და ქცევის იმ მოდელებს, რომელსაც მათთან ურთიერთობისას ნებით თუ უნებლიედ ჩვენვე ვნერგავთ.

თავაზიანობით აღზრდილი ბავშვი სხვებთან კომუნიკაციას თავაზიანადვე ცდილობს, ყვირილითა და ხისტი შეგონებებით „მორჯულებული“ მოზარდი კი იგივე ქცევის მოდელის დანერგვას ჯერ სკოლაში, შემდეგ სამსახურში და ბოლოს ახალშექმნილ ოჯახში ეცდება. კომუნიკაციის ეს ხაზი არასოდეს შეიცვლება და არც გამოსწორდება, თუ შვილებთან ლაპარაკი, როგორც მომავალში უდიდეს პიროვნებებთან, ახლავე და სწორად არ დავიწყეთ.

როდესაც წინ მოსწავლე, ან შვილი მიზის და გაბრაზებული, ნაწყენი ტონით გრძელი და მომაბეზრებელი წინადადებების ერთბაშად თქმას ვლამობ, ვცდილობ წარმოვიდგინო ხოლმე, რომ ჩემ წინ ახლა ის საპატივცემულო ადამიანია, ვინც იმ თავისი შეცდომებითა და მიღწევებით ძალიან მიყვარს. ბრაზი სადღაც მიდის, მოდის მხოლოდ ღიმილი და სიხარული, რომ შეიძლება ოდესღაც ასეთი ცელქი, მოუსვენარი და საყვარელი ბიჭუნა ან გოგო იყო რომელიღაც ფშაველა, აინშტაინი, იოჰან სებასტიან ბახი ან ელლა ფიცჯერალდი.

და სწორედ იმ, ჩემთვის გაურკვეველი მომავლის ხათრითა და დათქმით, აქ, დღევანდელ ყოფაში შვილთან კომუნიკაცია გაცილებით მიადვილდება.

მე ხომ საკუთარი ბავშვობაც მახსოვს?

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, მწერალი – გურამ მეგრელიშვილი.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts