სიახლეები, სტატიები

„კავშირი მადლიერებას, თავის ტვინსა და ბედნიერებას შორის“

როდესაც მადლობას იხდით, ნამდვილად მადლიერებას გამოხატავთ თუ მადლობის გადახდა მხოლოდ ზრდილობის წესების დაცვაა თქვენთვის?

ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ, თუ მადლობის გადახდისას მადლიერებას განიცდით, თქვენ უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი იქნებით.

მადლიერება ადამიანის მდგომარეობის ის ნაწილია, რომელსაც მისთვის სარგებელი მოაქვს.

დეივისში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, რობერტ ემონსმა და მაიამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, მაიკლ მაკქოლომ 2015 წელს გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც შეისწავლიდა, თუ როგორ გავლენას ახდენს მადლიერების განცდა სხეულის მდგომარეობაზე. კვლევაში მონაწილე ადამიანების ერთ მესამედს სთხოვეს, აღერიცხათ კვირის განმავლობაში განვითარებული ისეთი მოვლენები, რომლებმაც მათში მადლიერების განცდა გამოიწვია; დანარჩენ ერთ მესამედს კი სთხოვეს ისეთი მოვლენები აღენუსხათ, რომლებმაც, პირიქით, მათში გაღიზიანება და უსიამოვნო განცდები გამოიწვია. ათკვირიანი კვლევის დასასრულს, ყველა მონაწილეს სთხოვეს შეეფასებინათ სომატური (სხეულებრივი) კეთილდღეობის განცდა და თავიანთი ზოგადი მდგომარეობა.

ის ადამიანები, რომლებიც მადლიერების განცდის აღმძვრელ მოვლენებს აღრიცხავდნენ, ცხოვრებას გაცილებით ოპტიმისტურად აფასებდნენ, ფიზიკურად მეტად აქტიურები იყვნენ და ექიმს იშვიათად სტუმრობდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები.

უფრო ჯანმრთელი სხეული       

მადლიერების განცდის სხეულზე გავლენის სხვა კვლევები მეტად თვალსაჩინო შედეგებს ცხადყოფს. დადებითზე კონცენტრაცია და მადლიერების განცდა ამცირებს შფოთვისა და დათრგუნვილობის განცდის სიხშირეს და ძილს აუმჯობესებს. მეტიც, მადლიერების განცდა ამაღლებს გუნება – განწყობას, ამსუბუქებს ანთებით პროცესებს და ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს იმ ადამიანებშიც კი, ვისაც მისი ჩამოყალიბების ალბათობა სხეულებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მაღალი აქვს.

მადლიერება და თავის ტვინი

ახსნა, თუ რატომ არის მადლიერების განცდა ასეთი შედეგების მომტანი სხეულისა და ფსიქიკისათვის, თავის ტვინში უნდა ვეძებოთ. ნევროლოგიური საფუძვლების კვლევის ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარეს მაგნიტურ – რეზონანსული დასურათების დახმარებით, შეისწავლეს იმ ადამიანების თავის ტვინის აქტივობა, რომლებშიც მადლიერების განცდას საჩუქრების მიძღვნით აღძრავდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ დროს თავის ტვინის ისეთი უბნები აქტიურდებოდა, როგორებიცაა წინა სარტყლისებრი ქერქი და პრეფრონტალური ქერქის მედიალური უბანი. ისინი მსჯელობას, ღირებულების შეფასებას, სოციალური მოვლენების შემეცნებას, ემპათიას და ჯილდოს შეფასებას უკავშირდება. ამ დაკვირვების საფუძველზე, გამოიტანეს დასკვნა, რომ მადლიერების განცდა სხვებისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას და სტრესორებთან გამკლავებას უწყობს ხელს.

მადლიერების განცდა ასევე ააქტიურებს ჰიპოთალამუსს, რომელიც გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლასა და  სტრესთან გამკლავების შესაძლებლობებზე. ჰიპოთალამუსი თალამუსის ქვემოთ მდებარეობს და არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც მართავენ ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორებიცაა  სხეულის ტემპერატურა, ემოციური გამოხმაურება და თვითშენარჩუნების ფუნქციები − ძილი და მადა. ერთ- ერთი ნივთიერება, რომლის გამომუშავებაზეც გავლენას ახდენს მადლიერების განცდა, დოფამინია. ის ბედნიერების განცდას უზრუნველყოფს. მადლიერების განცდით მიღებული დადებითი შედეგი მოვლენის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.

„…მადლიერების გამომხატველი ჩანაწერის სავარჯიშო აძლიერებდა მადლიერების განცდისადმი ნეირონული კავშირების მგრძნობიარობას – ადამიანები, რომლებიც მადლიერების გამომხატველ წერილს წერდნენ, ექსპერიმენტის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც კი ავლენდნენ ნეირომოდულაციის გახშირებას შუბლის წილის მედიალურ უბანში.“

რეალურად, ეს ხანგრძლივი შედეგი დამცავ ფუნქციას ასრულებს. მოზარდებში მადლიერების განცდა უარყოფით კორელაციაშია ღირსებისშემლახავი მოპყრობის შედეგად გაზრდილ სუიციდის რისკთან. მადლიერება თავის ტვინის ქიმიურ შედგენილობაზე ზემოქმედებს და ამ განცდის განვითარება მნიშვნელოვნებისა და თანაგრძნობის უნარს ავითარებს.

3 ნაბიჯი მადლიერების განცდის წახალისებისთვის

სტრესული გარემოებებისა და რთული პერიოდების განმავლობაში, ძნელია, მადლიერება იგრძნო. თუმცა, თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ჩვენგანი რაღაცისთვის მაინც მადლიერია. თუ გინდათ, რომ ერთადერთი ლოცვა წარმოთქვათ, ეს შეიძლება მხოლოდ ჭეშმარიტად გამოხატული მადლიერება იყოს. ქვევით ჩამოთვლილია მადლიერების განცდის ხელშემწყობი სამი მარტივი გზა:

  1. ყოველდღიურად ჩამოთვალეთ, თუ რისთვის ხართ მადლიერი − ეცადეთ, სულ მცირე, სამი ერთეული მაინც ჩამოწეროთ ხოლმე. ასეთი ჩამონათვლის შექმნისთვის საუკეთესო დროა დილა ან ღამე − დაძინებამდე პერიოდი;
  2. ყოველდღე გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენს ირგვლივ მყოფებს აგრძნობინებს, რომ მათ აფასებთ.
  3. როდესაც სარკეში ჩაიხედავთ, დაუთმეთ რამდენიმე წუთი იმის გახსენებას, რომელ თვისებას აფასებთ თქვენში ან რას მიაღწიეთ ახლო წარსულში.

მადლიერების ძალის დახმარებით, შეგიძლიათ, თქვენი თავის ტვინი ოპტიმიზმს და თანაგრძნობას მიაჩვიოთ, რაც, საბოლოოდ, თავს კარგად გაგრძნობინებთ. ასეთი დადებითი განწყობა თქვენს ირგვლივ მყოფებზეც გავრცელდება და  კეთილდღეობის წრეს შექმნის.

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ

წყარო: https://bit.ly/36izCaL

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts