სიახლეები, სტატიები

„სწავლა, პროცესი თუ შედეგი?“ – ზურაბ კიკნაძე

რა არის მთავარი თამაშში? შედეგი თუ პროცესი? თუ მართლა მარტო შედეგია, მაშინ ჩვენ საერთოდ თამაშის ყურებაც არ გვინდა, არა? ფეხბურთი ყველას მოსწონს და სწორედ ის პროცესი აინტერესებს და ამ თამაშის შედეგი მე შეიძლება სხვაგვარად გავიგო, მაგრამ მთავარი თამაშის პროცესია. ახლა ძალიან გავრცელებულია ასეთი რამ პედაგოგიკაში: შედეგზე ორიენტირებული სწავლა. ეს არის დამღუპველი, მეგობრებო. ეს არის სწავლის პროცესის ძირის გამომთხრელი განწყობა. იმიტომ, რომ შედეგი სწავლის პროცესს არასდროს არ აქვს. თუ გავიხსნებთ, ქრისტე ამბობს – „მე ვარ გზა.“ ქრისტე არ ამბობს, რომ, აი, ჩემთან მოდით. ეს გზაა მთავარი. ქრისტესთან შეიძლება ჩვენ ვერ მივიდეთ ვერასოდეს. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ადამიანი არის მგზავრი, მარადიული მგზავრი, რომელიც აქაც, აი, ამ წუთისოფელშიც მოგზაურობს და იქაც იმოგზაურებს და ვერასოდეს მიწვდება ღმერთს. იმიტომ, რომ ეს არის შეუცნობელი, თუ დამეთანხმებით. ღმერთი არის შეუცნობელი, არსებითად შეუცნობელია.

ღმერთის შეცნობა მხოლოდ მისი შეუცნობლობით შეიძლება – ამბობს ნიკოლოზ კუზელი, რომელიც ერთ – ერთი დიდი თეოლოგი იყო. ღმერთი შეცნობილია იმიტომ, რომ ის არის შეუცნობელი.  

ცოტა ძნელია ეს გასაგებად, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი აქ გზაა. აი, როდესაც ჩვენ მივდივართ რომელიმე პუნქტში, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ იქ მივიდეთ, იმ პუნქტში. ეს არის ჩვენი მიზანი. იქ გველოდებიან, იქ დავისვენებთ, მაგრამ ეს არ არის გამოსარიცხი. იმიტომ, რომ ამ გზაზე ჩვენი გამოცდილებაა. ამ გზას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს გზა არის ჩვენი, ჩვენთვის არის მოცემული ეს გზა, ამ გზას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს გზა არ გავირბინოთ, არ უნდა დავხუჭოთ თვალი, არ უნდა ვიძინოთ ამ გზაზე, რადგან ეს გზა არის შემეცნების გზა. მაგალითად, მერაბ მამარდაშვილის არცერთი ლექცია არ მთავრდება რაღაც დასკვნით. მას არ აქვს რაღაც შედეგი, რომ, აი, ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ. მისი ფილოსოფია არის აზროვნების პროცესი. მთავარია აზროვნება და არა ის, რასაც შემდეგ მიაღწევ. აი, ამ აზროვნებაშია, თვითონ, შედეგი. ასევე, სწავლის პროცესში: როდესაც ჩვენ რაღაცას ვსწავლობთ, მაგალითად, მათემატიკას ვსწავლობთ, არასოდეს ის იმ სიღრმეში და ბოლო პუნქტამდე არ მივა, ცხადია. მთავარია, რომ ეს პროცესი გავიაროთ ჩვენ. შეიძლება აქ არაფერი არ დაგვრჩეს ამ პროცესიდან. მაგალითად, მე არ მახსოვს, რა არის ნიუტონის ბინომი, არ ვიცი, რა არის, მაგრამ ის პროცესი, რაც გავიარე, დალექილია ჩემში, ამან რაღაც შემძინა.

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის სალონური საუბრებიდან  

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts