შესაძლოა, კომპანიამ მთელი ფული საუკეთესო ადამიანების მოწვევაში, ინტერვიუირებასა და დაქირავებაში დახარჯოს. თუმცა, თუ დამსაქმებელი უსიამოვნო ადამიანია, ის კარგავს შესანიშნავი თანამშრომლების ყოლის შანსს.
იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ დიდებული მენეჯერები და ჯგუფის ლიდერები გყავთ, არა მხოლოდ საუკეთესოს მიიღებთ ადამიანებისგან, არამედ წინსვლის შესაძლებლობებს შეინარჩუნებთ.
დაახლოებით, 10 წლის მანძილზე, Google ატარებდა კვლევას, რომელსაც პირობითად, Project Oxygen ერქვა. ეს კვლევა მიზნად ისახავდა, დაედგინა რა ახასიათებდა სრულყოფილ მენეჯერს იმისათვის, რომ, შემდგომში Google – ს შესაბამისი უნარების განვითარებისთვის საჭირო პროგრამები განეხორციელებინა. კვლევა Google – ს დადებითად ემსახურა, რადგან კომპანია თანამშრომლების კმაყოფილების, შრომისუნარიანობის ზრდის და კომპანიის ერთგული თანამშრომლების მაჩვენებლების ზრდას აღნიშნავს.
საინტერესო ისაა, რომ ტექნიკური უნარები იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ემოციური ინტელექტის უნარები, საკუთარი და სხვების ემოციების გაგებისა და მართვის უნარი.
Google – ის თანახმად, კარგი ხელმძღვანელი…
- კარგი მწვრთნელია
კარგი მენეჯერები შეცდომებს სწავლებისთვის იყენებენ, იმის ნაცვლად, რომ პრობლემა წამოჭრისთანავე გადაწყვიტონ.
ისინი ხელმძღვანელობენ თავიანთ გუნდს, მას გზამკვლევად ემსახურებიან და მიგნებებს უზიარებენ, როცა ეს საჭიროა. ეს მათ გუნდს საშუალებას აძლევს, ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინონ და განვითარდნენ.
- აძლიერებს გუნდს და არ მიმართავს თავისუფლების შემზღუდავ მიდგომებს
„მიყვარს, როდესაც თავისუფლებას მიზღუდავენ,“ არცერთ დასაქმებულს არ უთქვამს.
პირიქით, კარგი მენეჯერები ადამიანებს იმ თავისუფლებას ანიჭებენ, რომლისკენაც ისინი ილტვიან: იდეების განხილვის, გონივრული რისკების და შეცდომების დაშვების თავისუფლება. ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი გუნდის წევრებს შესატყვისი რესურსებით და უფლებას აძლევენ მათ, მოქნილი გრაფიკით ისარგებლონ.
- ქმნის თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ გარემოს და გამოხატავს წარმატებითა და კეთილდღეობით დაინტერესებას
სხვა კვლევის დახმარებით, Google – მა აღმოაჩინა, რომ ჯგუფის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფის ერთადერთი, უდიდესი ცვლადი „ფსიქიკური უსაფრთხოების“ უზრუნველმყოფი გარემოა.
როგორც Google განმარტავს:
იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯგუფის წინაშე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, გაცილებით თავდაჯერებულები არიან. მათ იციან, რომ ჯგუფის წევრები მათ არ შეარცხვენენ და არ დასჯიან შეცდომის აღიარების, კითხვის დასმის ან ახალი იდეის შეთავაზებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმატებული გუნდი ნდობის ჩამოყალიბებისკენ ილტვის და შესანიშნავი მენეჯერები ხელს უწყობენ გუნდის წევრებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას.
- შრომისუნარიანი და შედეგზე ორიენტირებულია
საუკეთესო მენეჯერები წამყვან მოთამაშეებზე მეტნი არიან − ისინი თავიანთი გუნდის წევრებსაც უკეთესობისკენ ავითარებენ.
ისინი ამას მისაბაძი ქცევების განხორციელებით ახერხებენ. საჭიროებისამებრ, ისინი სახელოებსაც აიკაპიწებენ და დასახმარებლად მზად არიან, რაც მათი გუნდის წევრებისთვის წამახალისებელი და გამამხნევებელია.
- იცის ურთიერთობა – ისმენს და უზიარებს ინფორმაციას
საუკეთესო მენეჯერები დიდებული მსმენელები არიან. განვითარებული მოსმენის უნარი მათ ეხმარება, უკეთ გაუგონ თავიანთი გუნდის წევრებს და ემპათიით განეწყონ მათ მიმართ.
გარდა ამისა, კარგი მენეჯერები აცნობიერებენ, რომ ცოდნა ძალაა. სწორედ ამიტომ, ისინი ზრუნავენ გამჭვირვალობაზე და გუნდებთან ინფორმაციის გაზიარებაზე იმისათვის, რომ გუნდის წევრებმა შეძლონ მიმდინარე ცვლილებების ახსნა.
- მხარს უჭერს კარიერულ განვითარებას და განიხილავს შესრულებულ სამუშაოს
დიდებულ მენეჯერებს შეუძლიათ გუნდის წევრები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქონ. თუმცა, მათ არც კრიტიკული გამოხმაურებები აშინებთ. თუმცა, კრიტიკას კორექტულად და კონსტრუქციულად გამოხატავენ.
გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში. თანამშრომლის კარიერული ზრდის ხელშეწყობით, ისინი გუნდის წევრებს სურვილს აღუძრავენ, მიღებული ცოდნა მიზნის მიღწევას მოანდომონ.
- აქვს გუნდის საქმიანობის მკაფიო ხედვა და მისი განვითარების სტრატეგია
დიდებულმა მენეჯერებმა ზუსტად იციან, სად იმყოფება მათი გუნდი აწმყოში, რომელი მიმართულებით ვითარდება და რა სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. ჯანსაღი ურთიერთობის დახმარებით, ისინი გუნდს მიზანთან შესაბამისობაში ეხმარებიან.
გარდა ამისა, ისინი რწმუნდებიან იმაში, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იცის თავისი როლი გუნდისთვის განსაზღვრული სტრატეგიის განხორციელებაში.
- განვითარებული აქვს ძირეული ტექნიკური უნარები ჯგუფის დახმარებისთვის
დიდებულმა მენეჯერებმა იციან თავიანთი გუნდის წევრების ყოველდღიური ამოცანები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი დგებიან ხოლმე.
იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი ახალ განყოფილებაში გადავა, რჩევების შეთავაზებისა და ცვლილებების განხორციელების ნაცვლად, დააკვირდება, როგორ მოქმედებენ გუნდის წევრები, იმისათვის, რომ გუნდის მოქმედების თავისებურებებს გაეცნოს.
- თანამშრომლობს შედეგიანად
ცუდი მენეჯერები თავიანთ გუნდს იმავე კომპანიის სხვა ჯგუფებთან დაპირისპირებულ ერთობლიობად აღიქვამენ.
კარგი მენეჯერები კი, პირიქით, საკითხს მრავალმხრივ აფასებენ. ისინი მთლიანი კომპანიის წარმატებისთვის შრომობენ და თავიანთ გუნდს ამ მიდგომის მიხედვით მოქმედებაში უჭერენ მხარს.
- იღებს გადაწყვეტილებებს
დიდებული მენეჯერები სულსწრაფები არ არიან. თუმცა, მათ განვითარებული აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი. მას შემდეგ, რაც ფაქტებს გაეცნობიან და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ ხედვას შეაფასებენ, ისინი შემდეგ ეტაპზე ინაცვლებენ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინსვლა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, რომელსაც ყველა არ იზიარებს.
შემდეგ, ისინი თავს უძღვნიან მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
თუ თქვენს კომპანიას დასახელებული 10 თვისების მქონე მენეჯერების აღზრდა შეუძლია, თქვენ შეძლებთ ნდობის შენებას და ადამიანებს შთააგონებთ, ძალისხმევა არ დაიშურონ საუკეთესო შედეგების მისაღებად.
გუნდის წევრები გამოგყვებიან არა იმიტომ, რომ ისინი უნდა გამოგყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ენდომებათ, გამოგყვნენ.
სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.
წყარო: https://www.businessinsider.com/the-best-bosses-do-these-things-according-to-google-2019-6