სიახლეები, სტატიები

„სამსახურებრივი სტრესი: 21 – ე საუკუნის მთავარი პრობლემა“

იცოდით, რომ ექიმთან ვიზიტების, დაახლოებით, 90% – ის მიზეზი სტრესია? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სტრესი იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ოდესმე და მას „21 – ე საუკუნის ჯანმრთელობის ეპიდემიასაც“ უწოდებენ. ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ სტრესისგან გამომდინარე, ბიზნესები ნაყოფიერად ვერ მუშაობენ და სტრესის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების დაქვეითებული შრომისუნარიანობა მათზე უარყოფითად აისახება. 24/7 – ზე მუშაობის კულტურა იმას განაპირობებს, რომ ადამიანებს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებათ განტვირთვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სერიოზულია, შეგვიძლია, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაც მოვიმოქმედოთ: სიმპტომების ცნობით დავიწყოთ და შესაბამისი სტრატეგიების დანერგვით განვაგრძოთ სამსახურებრივ სტრესთან გამკლავება.

ადამიანების, დაახლოებით, 65% ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში სამუშაო სტრესის ყველაზე დიდი წყაროა. ათიდან ექვსი ადამიანი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სამსახურებრივ სტრესს განიცდის.

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც დღევანდელი დასაქმებულები იმაზე მეტად განიცდიან სტრესის გავლენას, ვიდრე ოდესმე.

ქვემოთ მოცემულია გამოსახულება, რომელზეც სამსახურებრივი სტრესის 10 წამყვანი მიზეზია გამოსახული.

ზოგჯერ ის დადებითი ძალაა − სწორედ ის გვიბიძგებს, მეტი და უკეთ ვიმუშაოთ − თუმცა, ხშირად, ის გვაუძლურებს, გვაღელვებს და შფოთვას აღძრავს. როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ სამუშაოზე არსებული სტრესორები უკვე მეტისმეტია და გამოფიტვის საფრთხის წინაშე ხართ?

ადამიანები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. სიმპტომები მოიცავს სხეულებრივ შეგრძნებებს (მაგალითად, კუნთური დაძაბულობა, თავის ტკივილი), ფსიქიკურ განცდებს (მაგალითად, პესიმიზმი, შფოთვა) და ქცევას (მაგალითად, გაცდენების ტენდენცია, სამსახურებრივი საქმიანობების შესრულების უნარის დაქვეითება).

ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაში დეტალურადაა განხილული სტრესზე რეაგირების გზები.

არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელიც შეგიძლიათ, სამსახურებრივ სტრესთან გამკლავებისთვის სცადოთ. ერთ – ერთი კარგი რჩევა მღვიძარების უნარის გავარჯიშებაა (Mindful meditation), რომელსაც შფოთვის შემსუბუქება, არტერიული წნევის შემცირება და ძილის გაუმჯობესება შეუძლია.

შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევა 8 საათიანი ძილის უზრუნველყოფაა. დღე – ღამის მანძილზე 8 საათიანი ძილი გააუმჯობესებს შემეცნებით უნარებს.

მეტი ინფორმაციისთვის ქვემოთ მოცემულ გამოსახულებას გაეცანით.

მნიშვნელოვანია ორგანიზაციებმა სტრესის მართვის პოლიტიკა შეიმუშავონ, რაც სტრესის, როგორც ჭეშმარიტი პრობლემის, აღიარებით დაიწყება. არსებითია, ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ მეტ მოქნილობას, დანერგონ ისეთი მიდგომები, რომლებიც თანამშრომლებს სამუშაოს დისტანციურად შესრულების საშუალებას აძლევს და წაახალისონ სამსახურებრივი და ცხოვრების სხვა კომპონენტების ბალანსი.

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

წყარო: https://bit.ly/2tBiShE

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts